ამერიკული გამოცემა The Hollywood Reporter იტყობინება, რომ გადასაღებ მოედანზე ჯონი დეპის უპასუხისმგებლო ქცევა წლების განმავლობაში გრძელდებოდა. მათგან ყველაზე გამორჩეული ფილმის — კარიბის ზღვის მეკობრეები: მკვდრები ზღაპრებს არ ჰყვებიან — გადაღებებს უკავშირდება, რომელიც ავსტრალიაში მიმდინარეობდა. მედიაგამოცემის ცნობით, მსახიობმა "ექსტაზის რვა აბი ერთდროულად დალია" და ყოფილი ცოლი, ამბერ ჰერდი, ძალადობის სამიზნედ ამოიღო. ამის შემდეგ მსახიობმა თითის თავი წაიკვეთა, რის გამოც ლოს-ანჯელესში დაბრუნება და ოპერაციის ჩატარება მოუხდა. დეპი ირწმუნებოდა, რომ კამათისას ჰერდმა მას ბოთლი ესროლა და თითიც ამიტომ დაიზიანა, თუმცა, ფაქტია, რომ ამ ყველაფერმა კინოსტუდია ერთ დღეში $350 ათასით აზარალა.
იმ დროისათვის, ფილმის პროდიუსერმა, ჯერი ბრაქჰაიმერმა ივარაუდა, რომ დეპმა თითი, სავარაუდოდ, მანქანის კარში მოიყოლა. ბრაქჰაიმერი ასევე ცდილობდა, კაპიტანი ჯეკ ბეღურა ფილმში დაებრუნებინა, თუმცა დისნეიმ კინოსერიაში მსახიობის დაბრუნება ჯერ კიდევ სასამართლო პროცესამდე გამორიცხა. გავრცელებული ცნობით, მომდევნო ფილმში ცენტრალური გმირი მარგო რობის პერსონაჟი იქნება, თუმცა კინოსტუდიას ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია.
დეპი და ბრაქჰაიმერი გადასაღებ მოედანზე — მედიაგამოცემები იუწყებიან, რომ თუმცაღა პროდიუსერი მსახიობის მხარდამჭერი იყო, ბოლო თვეების განმავლობაში მათი ურთიერთობა დაიძაბა.
მას შემდეგ, რაც Warner Bros.-მა ნოემბრის დასაწყისში დაადასტურა, რომ ჯონი დეპი სასამართლოში წაგებული დავის შემდეგ აღარ გააგრძელებდა გრინდელვალდის როლის შესრულებას ჯადოსნური არსებების ფილმების სერიაში, მალევე ცნობილი გახდა, რომ, თუმცაღა მსახიობმა მხოლოდ ერთ სცენაში მიიღო მონაწილეობა, კომპანია მას მაინც გადაუხდიდა კონტრაქტით გათვალისწინებულ მთლიან ჰონორარს. The Hollywood Reporter-ის ცნობით, ეს რიცხვი $16 მილიონს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც დეპმა როლი დატოვა და იგი მად მიკელსენმა ჩაანაცვლა, ინტერნეტსივრცეში ორი პეტიცია გამოჩნდა — ერთი დეპის ფილმში დაბრუნებას, მეორე კი მსახიობის ყოფილი ცოლის, ამბერ ჰერდის, Aquaman 2-ის ქასთიდან გაშვებას მოითხოვდა.