სრულიად მოულოდნელად, ამერიკელმა მომღერალმა, ტეილორ სვიფტმა, განაცხადა, რომ დღეს ახალ, რიგით მეცხრე სტუდიურ ალბომს, სახელად Evermore-ს ("მუდამ") გამოუშვებს. მომღერლის თქმით, ეს ალბომი "დაა" თავისი ბოლო ნამუშევრის, ივლისში გამოშვებული Folklore-სთვის, რომელიც წლეულს გრემის 6 ნომინაციაში იყო წარდგენილი.
ალბომის გამოსვლასთან ერთად ვიხილავთ პირველ სიმღერაზე, Willow, გადაღებულ ვიდეო-კლიპსაც, თავად ტეილორი კი კლიპის პრემიერის პარალელურად ფანების კითხვებს პირდაპირ ეთერში უპასუხებს.
ახალ ალბომში შესული სიმღერები, ფოლკლორის მსგავსად, ჯეკ ანტონოვთან და აარონ დესნერთან ერთადაა შექმნილი, ამასთან მომღერალმა ითანამშრომლა უილიამ ბროუდთან და ჯო ელვინთან, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, ტეილორის პარტნიორია.
ალბომში შევიდა დების ტრიო HAIM-თან და ბონ ივერთან კოლაბორაციით შექმნილი სიმღერებიც. ამ უკანასკნელთან ტეილორმა ფოლკლორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიმღერა, exile, ჩაწერა.
"უბრალოდ რომ ვთქვა, სიმღერების წერის შეწყვეტა აღარ შეგვეძლო", — წერს სვიფტი, — "უფრო პოეტურად რომ ვცადო აღწერა, ისეთი გრძნობა იყო, თითქოს ფოლკლორული ტყეების ნაპირას ვიდექით და არჩევანი გვქონდა გასაკეთებელი: შემობრუნება და უკან გაბრუნება, ან ამ მუსიკის ტყეში უფრო ღრმად შესვლა. ჩვენ ხეტიალის გაგრძელება ვარჩიეთ.
"ადრე ასე არასდროს მოვქცეულვარ. თითოეულ ალბომს ისეთი მოწიწებით ვეპყრობოდი, თითქოს ცალკე ერა იყო, მომდევნოზე მუშაობას კი მხოლოდ ამ ალბომის გამოსვლის შემდეგ ვიწყებდი", — დასძენს მომღერალი, — "ფოლკლორის შემთხვევაში რაღაც სხვა მოხდა — რეალობიდან ამ წარმოსახვით/არაწარმოსახვით ზღაპრებში გაქცევის იდეა მომეწონა. გამიხარდა, რომ თქვენ გულღიად მიიღეთ ზღაპრული პეიზაჟები, ტრაგედიები და დაკარგული და ნაპოვნი სიყვარულის ეპიკური ისტორიები. ასე, რომ მათი წერა განვაგრძე".
ტვიტერზე გამოქვეყნებულ კიდევ ერთ პოსტში მომღერალი ალბომთან დაკავშირებულ დეტალებს ამხელს.
"13 წლის ასაკის შემდეგ განსაკუთრებით ველოდებოდი, როდის გავხდებოდი 31 წლის, რადგან იგი ჩემი იღბლიანი რიცხვის შებრუნებული ვერსიაა [მომღერლის დაბადების დღე 13 დეკემბერსაა], ამიტომ მსურდა, ახლა ამ ალბომით გამეხარებინეთ", — სწერს იგი გულშემატკივრებს, — "ჩემს დაბადების დღეზე თქვენ ყველანი ყოველთვის საოცრად მზრუნველი, მხარში მდგომი და გულისხმიერები იყავით, ამჯერად კი, ვიფიქრე, მე გაჩუქებდით რაღაცას. ამასთან, ვიცი, რომ დღესასწაულებზე უმეტესობა ჩვენგანი მარტო იქნება და თუკი ჩემ მსგავსად, საყვარელი ადამიანების მონატრებას თქვენც მუსიკით უმკლავდებით, ეს ალბომი თქვენ გეძღვნებათ".
Evermore 15 სიმღერას მოიცავს, თუმცა დელუქს გამოშვებაში კიდევ ორი ბონუს სინგლი შევა.