დიდი იმედი მაქვს, რომ პატარა პარტიები გამოფხიზლდებიან და სააკაშვილის ტყვეობაში არ დარჩებიან, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ბაჩო ოდიშარიამ „ნამდვილ რიცხვებში“ განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილი, როგორც არაფორმალური მმართველი, ჩამოსაშორებელია პოლიტიკური პროცესისთვის.
„თუ ქართულ პოლიტიკაში არსებობს არაფორმალური მმართველი, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც ჰყავს არაფორმალური მმართველი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა და საქართველოში ბრალდებულია. საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში, მას კანონით ციხე ეკუთვნის. რეალურად, მიხეილ სააკაშვილი, როგორც არაფორმალური მმართველი, ჩამოსაშორებელია პოლიტიკური პროცესისთვის, დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო ეს. მეც მაქვს განცდა და ალბათ „ქართული ოცნების“ ბევრ მხარდაჭერასაც, რომ ეყოფა „ნაციონალურ მოძრაობას“ რაც ველოლიავეთ“, - განაცხადა ბაჩო ოდიშარიამ.
მისი თქმით, ამ პირობებში ოპოზიციის ქუჩაში დარჩენა ცალსახა მარგინალიზაციაა.
„შეუძლებელია ქუჩაში დარჩენილი ოპოზიცია ანგარიშგასაწევ ძალად ფორმირდეს. გვახსოვს, როგორი ანგარიშგასაწევი ძალა იყო ოპოზიცია „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში და ძალიან ხანგრძლივად ქუჩაში ყოფნამ როგორ დაასუსტა და როგორი მარგინალური გახადა ის. ახლა 2012 წელზე მეტად მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლება იყოს ძალიან მკაცრი. ჩვენ გვაქვს არნახული საერთაშორისო მხარდაჭერა, და ვხედავთ ამ დროს როგორია „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებები და რიტორიკა თუნდაც ამერიკისადმი, დასავლეთისა და ყველა იმ დემოკრატიული ღირებულებისადმი, რაზეც ამბობენ, რომ ხელისუფლებაში მოსვლა იმისთვის უნდათ, რომ ამ გზით უნდა წავიდეთო და ახლა მივდივართ-თურმე რუსეთის გზით. როდესაც ასეთი რიტორიკითა და განცხადებებით ხდება ლუსტრაცია, მგონია, რომ ახლა „ქართულ ოცნებას“ კარტბლანში აქვს იმისთვის, რომ ის პირობა რომელიც დაიდო „ნაციონალური მოძრაობის“ დასრულებაზე, შესრულდეს და რასაც ვაკვირდებით, მგონი ეს პროცესი აქტიურად მიმდინარეობს“, - განაცხადა ბაჩო ოდიშარიამ.