სანდრა რულოვსს სურდა ბერლინში ჩასვლა, რათა ხანგოშვილს შეხვედროდა. ხანგოშვილმა მას დაუჯავშნა სასტუმროში ნომერი. ის მანქანით უნდა დახვედროდა სანდრა რულოვსს რკინიგზის სადგურთან, - ამის შესახებ გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა და რედაქტორმა, სილვია შტობერმა განაცხადა.
მისი თქმით, მისი და ხანგოშვილის შეხვედრა ნამდვილად დაგეგმილი იყო, ორგანიზატორი კი თავად მოკლული იყო.
„ჩვენ ეს ვიცით ხანგოშვილისა და რულოვსის ინტერნეტ მიმოწერიდან, რაც გამოძიებამ ამოიღო ხანგოშვილის მობილური ტელეფონიდან. როგორც ვიცით, ეს უნდა ყოფილიყო მათი პირველი შეხვედრა პირისპირ. მანამდე მათ კომუნიკაცია მხოლოდ ტელეფონით ჰქონდათ. როგორც მოგვიანებით ჩემთან ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, მისი მეუღლე ბერლინში ჩეჩნური თემის დახმარებით იყო დაინტერესებული, ხოლო ხანგოშვილს სურდა სანდრა რულოვსისთვის ჩეჩნური თემის წარმომადგენლები და ადგილზე არსებული სიტუაცია გაეცნო. როგორც სააკაშვილი ამბობს, სწორედ ეს იყო დაგეგმილი სანდრას ვიზიტის დროს, თუმცა ჩემი ინფორმაციით, იმ დღეს, როდესაც სანდრა უნდა ჩასულიყო ბერლინში, ხანგოშვილი მოკლეს. ჩემი ინფორმაციით და იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც გუშინ გასაჯაროვდა, შემიძლია გითხრათ, რომ სანდრა რულოვსი ბერლინში ამსტერდამიდან აპირებდა ჩასვლას. მას მატარებლის ბილეთიც ჰქონდა. ამ მგზავრობას სულ რამდენიმე საათი სჭირდებოდა, თუმცა ის არ ჩავიდა გერმანიაში, რადგან იცოდა რომ რაღაც მოხდა. მისი და ხანგოშვილის შეხვედრა ნამდვილად დაგეგმილი იყო, ორგანიზატორი კი თავად მოკლული იყო“, - განაცხადა სილვია შტობერმა.
გერმანული გამოცემა „დოიჩე ველე“ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეში ახალ გარემოებებზე ინფორმაციას ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, გერმანელმა გამომძიებლებმა მნიშვნელოვან მოწმეებს შორის მიხეილ სააკაშვილის მეუღლე, სანდრა რულოვსი დაასახელეს.
პანკისის ხეობის მკვიდრი ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. ბერლინის პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით რუსეთის 48 წლის მოქალაქე დააკავა, რომლის ნამდვილი ვინაობაც დღემდე უცნობია. Bellingcat-ი ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ის ვადიმ კრასიკოვია, რომელსაც რუსეთში ორი შეკვეთილი მკვლელობისთვის ეძებდნენ. 2020 წლის აგვისტოს ბოლოს ჟურნალისტური გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ კრასიკოვს თანამზრახველი ჰყავდა და ის რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ФСБ) სპეცდანაყოფ „ვიმპელის“ ყოფილი ოფიცერი რომან დემიანჩენკოა.