თუ ამის საჭიროება იქნება, მოლაპარაკებები გაგრძელდება. ოპოზიცია ყოველთვის მზადაა მოლაპარაკებისთვის, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია ნებისმიერი სახის მოლაპარაკებებში მიიღებს მონაწილეობას, უკვე მას შემდეგ, რაც გააფორმებენ უარს პარლამენტში შესვლაზე.
„ყველა ოპოზიციური პარტია უარს ამბობს მოპარული არჩევნების გაფორმებაზე და არავინ მიიღებს მონაწილეობას არც ერთ საპარლამენტო სხდომაში. ყველანი უარს ვამბობთ ფიზიკურად იქ გამოცხადებაზე, რომელი დღეც არ უნდა იყოს. ეს ყველაფერი ხვალვე ამოიწურება, რათა კითხვის ნიშნები არ დარჩეს. მოლაპარაკებები გაგრძელდება, თუ ამის საჭიროება იქნება. ოპოზიცია მზად არის და იქნება ყოველთვის მოლაპარაკებისთვის. ჩვენ ვიცავთ ქართველი ხალხის, ამომრჩევლების პოზიციას. ქართველი ხალხის პოზიციაა, ჩატარდეს ახალი არჩევნები. კობახიძეს აქვს მცდელობა, მოლაპარაკების პროცესი თავისი უტაქტო პრესკონფერენციებით ჩაშალოს, მაგრამ ოპოზიცია იქცევა ისე, როგორც უნდა იქცეოდეს პასუხისმგებლობიანი პოზიცია - ნებისმიერ დროს, ნებისმიერი სახის მოლაპარაკებებში მიიღებს მონაწილეობას, უკვე მას შემდეგ, რაც გავაფორმებთ უარს პარლამენტში შესვლაზე“, – განაცხადა ნიკა მელიამ.