რა საბაბს იპოვის ბატონი ელისაშვილი იმისთვის, რომ რამენაირად რიხიანად შევიდეს პარლამენტში, ეს უკვე მისი პრობლემაა და არ მგონია, აქ ვიღაც სულელი იყოს და ამ რაღაც საკენკს ასე ადვილად დახარბდეს,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ბარამიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
როგორც ბარამიძე განმარტავს, ოპოზიციამ ხელისუფლებისგან ორ მთავარ საკითხზე შეთანხმებაზე უარი მიიღო.
„არ ვიცი რამ განაპირობა ბატონი ელისაშვილისთვის „ქართული ოცნების“ უცებ სანდოდ გარდაქმნა. ნათელია, რომ სერიოზული ადამიანისთვის, ეს პასუხები, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გაგვცა, ეჭვს არ იწვევს, რომ იმ მთავარ საკითხებთან დაკავშირებით, რაც ჩამონათვალში იყო, პირველ ორზე, ძალიან მკაფიო უარი მიიღო ოპოზიციამ და ქართულმა საზოგადოებამ. ამიტომ, რა საბაბს იპოვის ბატონი ელისაშვილი იმისთვის, რომ რამენაირად რიხიანად შევიდეს პარლამენტში, ეს უკვე მისი პრობლემაა და არ მგონია, რომ აქ ვიღაც სულელი იყოს და ამ რაღაც საკენკს ასე ადვილად დახარბდეს. ეს უკვე მისი პრობლემაა, როგორ იმოქმედებს, ყოველ შემთხვევაში, სხვას ვერავის გაასულელებს ვერც „ქართული ოცნება“ და ვერც ასეთი უცნაური განცხადებების გამკეთებლები“, - განაცხადა ბარამიძემ.
კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებს „ევროპული საქართველოს“ პოზიციებს და პრინციპულობას ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებში, ვინაიდან, ელისაშვილის თქმით, სწორედ აღნიშნული პარტია ცდილობს საბოტაჟს, ბარამიძე პასუხობს, რომ ახლა ელისაშვილი „თითიდან გამოწოვილი საბაბით ცდილობს ეს ყველაფერი არგუმენტებად წარმოაჩინოს“.
„მე არ მესმის საერთოდ რა შუაშია „ევროპული საქართველო“, „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი აზრი აქვს, თავისი ლიდერები, თავისი ამომრჩეველი ჰყავს და თავისი შეხედულებები აქვს. არ მესმის ბატონი ელისაშვილი რა მანევრებს ატარებს იმისთვის, რომ რამენაირად გაამართლოს მისი პარლამენტში შესვლა, ის, რომ ვთქვათ, ელისაშვილი ხვალ არ დაესწრება, არაფერს ნიშნავს. ის, ვინც არ დაწერს განცხადებას და არ ჩახსნის სიას, ის თამაშობს ივანიშვილის თამაშს. ამიტომ, ხან ბოკერიას ახსენებს, ხან ვიღაცას, ამას წინათ, „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში ბოკერიასთან ერთად კარგად მეპაექრებოდა, როცა არ უნდოდათ ეღიარებინათ მიხეილ სააკაშვილის ლიდერული როლი ქართულ პოლიტიკაში, მაშინ მისთვის გიგა ბოკერია პრობლემა არ იყო, მის გვერდით ერთ პოზიციას იცავდა. ახლა, თითიდან გამოწოვილი, უბადრუკი, საცოდავი და სამარცხვინო მზიეზებით თუ საბაბებით უნდა ეს ყველაფერი არგუმენტებად წარმოაჩინოს, ეს მისი პრობლემაა. მე მაინც იმედს ვიტოვებ, რომ ის გონს მოეგება და საბოლოო ჯამში, ამ სისულელეებს არ ილაპარაკებს და ამ სულელური საკენკის ამკენკავად არ გადაიქცევა. ვინც ამას გააკეთებს, ურჩევნია და უფრო პატიოსანი იქნება, „ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანდეს და ეს ასე იქნება, ის ითამაშებს ბიძინა ივანიშვილის თამაშს. ბიძინა ივანიშვილის და არა ქართველი ხალხის ოცნება ის არის, რომ მის მიერ გაყალბებული არჩევნებით შემდგარი, შეკოწიწებული უზურპატორი პარლამენტი არ დარჩეს მარტო და არ დარჩეს გაშიშვლებული, ამიტომ ბიძინა ივანიშვილი ყველანაირ ბინძურ მეთოდს, დაშინებასაც და მოსყიდვასაც გამოიყენებს იმისათვის, რომ ამ მიზანს რამენაირად მიაღწიოს“, - განაცხადა ბარამიძემ.
კითხვაზე, ის ფაქტი, რომ „სტრატეგია აღმაშენებელში“ დღეს პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა და კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ პარლამენტის საკითხზე, ნიშნავს თუ არა იმას, რომ ოპოზიციურ სპექტრში ყველა პარტიას თანაბრად პრინციპული პოზიცია არ აქვს, ბარამიძე პასუხობს, რომ „პოლიტიკაში დაფიქრება პრობლემა არ არის“.
„დაფიქრება როდის იყო პრობლემა პოლიტიკაში, ყოველთვის უნდა დაფიქრდე, რადგან აბსოლუტური შავი და აბსოლუტური თეთრი ბუნებაში და მითუმეტეს, პოლიტიკაში არ არსებობს, ყოველთვის უნდა დაფიქრდე რომელი გზა არის სწორი, ჩვენ ძალიან კარგად გვაქვს გაცნობიერებული და ძალიან ბევრ ჩვენ მხარდამჭერსაც ვუხსნი, რომ ასე მარტივი და ასე სასიხარულო, რომ პარლამენტში არ შევდივართ, საპარლამენტო მანდატს, საპარლამენტო უფლებამოსილებას და შესაძლებლობებს არ გამოვიყენებთ, ასეთი სასიხარულო არ არის, უბრალოდ, ამის უფლება არ გვაქვს, თუ ჩვენ პატიოსანი ხალხი ვართ და თუ ჩვენ საქართველოს კანონებს, კონსტიტუციას და საქართველოს სახელმწიფოებრიობას პატივს ვცემთ, ამის გაკეთების უფლება არ გაქვს. თორემ, ის რომ საპარლამენტო მანდატს არ იყენებ, ეს ძალიან სერიოზული ბერკეტის არ გამოყენებაა“,- განაცხადა ბარამიძემ.