ოპოზიცია პირველივე დღიდან შევიდეს საქართველოს პარლამენტში და გამოიყენოს ის რესურსები, რაც ამ არჩევნებმა გააჩინა, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ლევან ლორთქიფანიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია საქართველოს პარლამენტში მძლავრადაა წარმოდგენილი და მოუწოდა მათ გამოიყენონ თავიანთი მანდატები.
„ვისაც ხმა მივეცი, მათ მიმართ დაკვეთა ასეთია, რომ ისინი პირველივე დღიდან შევიდნენ საქართველოს პარლამენტში და გამოიყენონ ის რესურსები, რაც ამ არჩევნებმა გააჩინა. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს არჩევნები იდეალურად ჩატარდა. თავად შევესწარი არჩევნების შედეგების ღია მანიპულაციას, შეცვლის თვალსაზრისით. ბევრი ხარვეზი ჰქონდა, თუმცა ფაქტი არის ერთი რამ. ოპოზიცია საქართველოს პარლამენტში მძლავრადაა წარმოდგენილი, თუნდაც ასეთი შედეგებით. ფაქტია, რომ ეს საზოგადოება არ არის მზად „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობით მართული კოალიციის პირობებშიც კი ცხოვრებისთვის. შესაბამისად, ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა გამოიყენონ ეს გაზრდილი შესაძლებლობა. „ქართული ოცნება“ ძალიან დასუსტებულია. 50%-ზე მეტმა არ მისცა ხმა. ბევრი ხარვეზით მოიპოვეს არსებული შედეგი“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ.