მესი არბელოას ეჩხუბა

მესი არბელოას ეჩხუბა

გუშინ საღამოს ესპანურმა გამოცემამ „Marca” საინტერესო ინფორმაცია გამოაქვეყნა.

ესპანეთის სამეფო თასის პირველი ნახევარფინალური შეხვედრის შემდეგ, კატალონიური „ბარსელონას“ არგენტინელი თავდამსხმელი ლეო მესი „რეალის“ მცველ ალვარო არბელოას სახალხოდ ეჩხუბა.

ინციდენტი „სანტიაგო ბერნაბეუს“ სტადიონის ავტოსადგომზე დაფიქსირდა.

საკლუბო ავტობუსში ჩაჯდომის წინ დიეგო მარადონას თანამემამულემ ალვარო არბელოა შენიშნა, მასთან მიიჭრა და საქვეყნოდ გამოლანძღა.

საკუთარი გუნდის მცველი ჟოზე მოურინიოს თანაშემწე აირტონ კარანკამ დაიცვა, მაგრამ განრისხებულ ლეო მესის თავი ვერც მან დააღწია.

„ალვარო, სულელი ადამიანი და ფეხბურთელის ანტიპოდი ბრძანდები. აირტონ, შენ მამაკაცი არ ხარ და მოურინიოს გოშიას ფუნქციას ასრულებ.“ - ასე მიმართა „მოწინააღმდეგეებს“ ლეო მესიმ.

ესპანური გამოცემის ცნობით, კონფლიქტი მალე ამოიწურა და „ბარსელონას“ ფეხბურთელებმა ლეო საკლუბო ავტობუსში ძალის გამოყენებით ჩასვეს.

საინტერესოა, რომ მესი მშვიდი ხასიათით გამოირჩევა და ამნაირი „აფეთქება“ მისთვის უცხო ხილია.

„Marca” უფრო შორს წავიდა. მისი მტკიცებით, „რეალი“-„ბარსელონას“ შეხვედრის წინ მესიმ არბელოას ხელი დემონსტრაციულად არ ჩამოართვა, უშუალოდ მატჩის მიმდინარეობისას კი ეს ორი მოთამაშე ერთმანეთთან მუდმივად კამათობდა.

დღეს დილით „ბარსელონას“ პრეს-სამსახურმა ამ კონფლიქტს ჟურნალისტების გამოგონილი მორიგი ჭორი უწოდა.