ირაკლი კობახიძე: გიგა ბოკერიამ ყველაფერი გააკეთა, რომ საკუთარი პარტია დაენგრია

ირაკლი კობახიძე: გიგა ბოკერიამ ყველაფერი გააკეთა, რომ საკუთარი პარტია დაენგრია

გიგა ბოკერიამ ყველაფერი გააკეთა, რომ საკუთარი პარტია დაენგრია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„გიგა ბოკერიამ და გიგი უგულავამ თვითონ ჩამოაშორეს საკუთარი თავი პოლიტიკას. ბოკერიამ ყველაფერი გააკეთა, რომ საკუთარი პარტია დაენგრია და ეს ძალიან კარგია, ჩვენც შევუწყვეთ ხელი ამაში, მაგრამ მთავარი აქტორი ამ პროცესში გიგა ბოკერია იყო. ეს ძალიან ჯანსაღი მოვლენაა და მადლობას ვუხდი ბოკერიას ამისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.

მან ასევე მოლაპარაკების მორიგი რაუნდის გადადებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღევანდელი შეხვედრა ოპოზიციამ ჩაშალა.

„ჩვენ გუშინ შევთავაზეთ ყველას არჩევნების შედეგების გადახედვას საგამოძიებო კომისიის ფორმატში და თუ 1%-იანი გადახრა მაინც დაფიქსირდებოდა, ჩვენ დავნიშნავდით რიგგარეშე არჩევნებს. როდესაც იქმნება საგამოძიებო კომისია, რეგლამენტის თანახმად იქ ადგილების უმრავლესობა ოპოზიციას აქვს და ყველაფერი მათ ხელშია. ბოკერიას და გვარამიას შეეშინდათ ამ პროცესის, ვინაიდან ყველა ნახავდა, რომ რეალურად არაფერია გაყალბებული. სინამდვილეში არჩევნებზე დაფიქსირად ლოკალური ხარვეზები, მაგრამ საერთო ჯამში არჩევნები იყო კონკურენტული. საზოგადოებამ იცის რა მოხდა და ხალხს ნაცარს თვალებში ვერავინ შეაყრის“, - განაცხადა კობახიძემ.