„რა მოტივით უნდა გადაედო მოლპარაკების მეხუთე რაუნდი ხელისუფლებას, როდესაც მისი განწყობა არის ოპოზიცია შევიდეს პარლამნეტში, გაუგებარია; სამაგიეროდ ოპოზიციის მხარიდან ეს გასაგებია - დემონსტრირება იმისა, რომ ამ დღეს „ოცნება“ მარტო დარჩება პარლამენტში“, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მე-5 რაუნდის გადადებას, რომელიც ახალი პარლამენტის პირველი სხდომის წინა დღეს იყო ჩანიშნული.
ელჩების შუამავლობით მიმდინარე მმართველო პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენელთა მორიგი შეხვედრა დაგეგმილი ხუთშაბათის ნაცვლად ორშაბათს, 14 დეკემბერს გაიმართება. მიუხედავად „ნაციონალური მოძრაობის" განცხადებისა, რომ გადადება მათი ინიციატივით არ მომხდარა, ამ დრომდე უცნობია ვინ იყო ფასილიტატორთა ჩართულობით მე-5 რაუნდის გადადების ინიციატორი.
„რა მოტივით უნდა გადაედო ხელისუფლებას მოლაპარაკების მორიგი რაუნდი, როცა მათი მხრიდან არის განწყობა, რომ ოპოზიცია შევიდეს პარლამენტში, გაუგებარია. სამაგიეროდ ოპოზიციის მხარიდან გასაგებია თავის არიდება პირველი სხდომისთვის: ყურადღების ცენტრში ყოფნა და მთავარი მოტივი - დემონსტრირება, რომ ამ დღეს „ოცნება" მარტო რჩება პარლამენტში.
„არ გამოვრიცხა იმასაც, რომ გადადების მიზეზი იყოს ელჩების დიპლომატური მინიშნებაც, რომ აღარ შეიძლება ასე გაგრძელება, მხარეებმა გამოსავალზე უნდა იფიქრონ და უსასრულოდ „პაემანზე სიარულს“ აზრი არ აქვს. ასევე შეიძლება იყოს დიპლომატიური პასუხი გვარამიას განცხადებებზე და ოპოზიციის სიჯიუტეზე", - განაცხადა „რეზონანსთან“ რამაზ საყვარელიძემ.