რამდენიმე დღის წინ იტალიის ეროვნული გუნდისა და „მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელი მარიო ბალოტელი იტალიურ „მილანში“ გადავიდა. ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში რთული ხასიათის მქონე ახალგაზრდა მუქკანიან მოთამაშეს ბრიტანული გუნდის დატოვება სურდა.
ინგლისში გადასვლამდე მარიო „ინტერში“ ასპარეზობდა და მაშინდელ მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოსთან საერთო ენა ვერ გამონახა. დიდ ბრიტანეთში „ბალოს“ რობერტო მანჩინისთან ურთიერთობა მოუწია. იტალიელი მარიოს მშობელი მამასავით უყურებდა, მაგრამ გასაღები მაინც ვერ მოუძებნა. ბალოტელი ინგლისური „ყვითელი პრესის“ საყვარელ ობიექტად გადაიქცა.
ბალოტელი „ისტორიულ სამშობლოს“ დაუბრუნდა, მანჩინის კი მისი გაქცევა დღემდე ვერ მოუნელებია.
„მარიოსგან ღალატს ნამდვილად არ ველოდი. ის ჩინებული ფეხბურთელი და ამავდროულად რთული ადამიანია. მასთან ურთიერთობა ძალიან მიჭირდა, რადგან ასაკის მიუხედავად მუდმივად პატარა ბავშვივით იქცეოდა.
მისი მოთვინიერება ვერ შევძელი. ამ მიზეზის გამო ბალოტელისთან გამომშვიდობება მომიწია. მოთამაშეს ერთ რჩევას მივცემდი. მას შეუძლია ბრწყინვალე კარიერა გაიკეთოს, მაგრამ საკუთარ თავს მეტი კონტროლი უნდა გაუწიოს. „მილანმა“ ხელგაშლილი ხელით მიიღო, მაგრამ თუ მარიო ძველებურად ცხოვრებას გააგრძელებს, ამ გუნდთანაც გამოთხოვება მოუწევს.
მარიო ბალოტელიმ „მანჩესტერ სიტის“ ბოლოდროინდელ აღმავლობაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. ცხოვრება მკაცრია და მასთან განშორება მოგვიწია.“ - განაცხადა რობერტო მანჩინიმ.
იტალიაში ჩასულმა ფეხბურთელმა ადგილობრივ მას-მედიას პირველი ინტერვიუ მისცა და აღნიშნა რომ მისი გული უწინდებურად „მანჩესტერ სიტისა“ და მის ერთგულ გულშემატკივრებს ეკუთვნის.
„ ბრიტანეთში გატარებულ წლებს არასოდეს დავივიწყებ. „მანჩესტერ სიტი“ ინგლისის პრემიერ-ლიგის ჩემპიონი გახდა და ამ წარმატებაში ჩემი წვლილიც არის. ამ გუნდის გულშემატკივრები მაღმერთებდნენ და ორი წლის განმავლობაში მუდმივად გუნდის საუკეთესო მოთამაშედ მასახელებდნენ.
გავრცელებული იყო აზრი რომ რობერტო მანჩინისთან რთული ურთიერთობა გამაჩნდა. ეს „აზრი“ ჟურნალისტების მონაჩმახია. მანჩინი მშობელი მამასავით მიყურებდა და მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დავაბრალო, იმედები რომ ვერ გავუმართლე. რობერტომ ჩემი პროფესიული ზრდისთვის ყველაფერი გააკეთა. ამ ადამიანს ვპირდები რომ გამოვსწორდები და უახლოეს მომავალში კარიერაში ახალ სიმაღლეებს მივაღწევ.“ - განაცხადა მარიო ბალოტელიმ.