„საქართველოში ე.წ. სამთავრობო კორუფცია მომძლავრდა“

„საქართველოში ე.წ. სამთავრობო კორუფცია მომძლავრდა“

საერთაშორისო ორგანიზაცია „ტრანსფერენსი ინტერნეიშენალმა“ (საერთაშორისო გამჭვირვალობა) კორუფციასთან ბრძოლის კუთხით კვლევა ჩაატარა, სადაც საქართველო 86 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა. საქართველოსთან შედარებით გაცილებით ცუდი შედეგი რუსეთს, აზერბაიჯანს და სომხეთს აქვს. 

კვლევა – „გლობალური კორუფციის ბარომეტრში“ ნათქვამია, რომ კორუფციის დონე საქართველოში მხოლოდ სამი პროცენტია. რუსეთში ეს მაჩვენებელი 26%-ს, სომხეთში - 22%, ხოლო აზერბაიჯანში 47%-ს შეადგენს. გამოკითხვაში 91 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. 

ოპოზიცია საქართველოში ე.წ. სამთავრობო კორუფციის მომძლავრებაზე საუბრობს. მისი შეფასებით, „ელიტური კორუფცია და მონოპოლია დამღუპველია ქვეყნის ეკონომიკისთვის“. რამაზ საყვარელიძის თქმით, თავად ამერიკელები შენიშნავენ, რომ კორუფციამ მოქალაქეებიდან ელიტარულ ნაწილში გადაინაცვლა. 

საერთაშორისო ორგანიზაცია „ტრანსფერენსი ინთერნეიშენალის“ მიერ გახმაურებული კვლევის შედეგების მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი, დეპუტატი ზურაბ მელიქიშვილი თვლის, რომ ქვეყანაში კორუფცია ბოლომდე დამარცხებული არ არის და ამ მიმართულებით შეუჩერებელი მუშაობა მიმდინარეობს. 

„პირWელთან“ საუბრისას მელიქიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ „კორუფციასთან ბრძოლა ერთჯერადი აქცია არ არის და მის წინააღმდეგ მუდმივი, უწყვეტი მუშაობაა საჭირო“. 

„რამდენიმე წლის წინ საქართველოში არ არსებობდა არც ერთი სფერო, სადაც კორუფცია არ იყო. ჩვენ მიერ ამ მიმართულებით აქტიური ბრძოლა წარიმართა და მთელი რიგი რეფორმები გატარდა, რომლის შედეგიც სახეზეა, როცა მოსახლეობის თითქმის 90%-ი აცხადებს, რომ მას კორუფციასთან არანაირი შეხება არ ჰქონია. იყო დრო, როცა იგივე მაჩვენებელი სრულიად საპირისპიროს ამტკიცებდა. 

ამის მიუხედავად, კორუფციის წინააღმდეგ შეუჩერებელი მუშაობაა საჭირო, რადგან არ შეიძლება ამ მიმართლებით ბრძოლას ერთჯერადი აქციის სახე ჰქონდეს“ - განუცხადა „პირWელს“ მელიქიშვილმა და არგუმენტად სწორედ კორუფციის ბრალდებით სამართალდამცავთა მიერ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომდგენელთა ხშირი დაკავების ფაქტები დაასახელა.

„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველოში ე.წ. სამთავრობო კორუფცია მომძლავრდა. როგორც „პირWელს“ „ტრანსფენერსი ინთერნეიშენალის“ კვლევის შედეგებზე კომენტირებისას უსუფაშვილმა განუცხადა, კვლევა  საქართველოში მხოლოდ ქუჩის კორუფციის შემცირების შედეგს აჩვენებს. 

„კვლევა, რომელიც აღნიშნულმა ორგანიზაციამ ჩაატარა, ქუჩის გამოკითხვების მიხედვით არის შედგენილი. ამ ხელისუფლების პირობებში მართალია, მოქალაქეებს სახელისუფლებო უწყებების წარმომადგენლები გაცილებით ნაკლებად  ართმევენ ფულს ქუჩაში, მაგრამ კორუფცია მომძლავრებულია მაღალ ეშელონებში“, - განაცხადა უსუფაშვილმა. 

მისივე თქმით, კორუფცია მომძლავრებულია მრავალმილიონიანი სახელმწიფო შეკვეთებისა და ქონების უკანონო წართმევა-გადანაწილების კუთხით და გამოკითხვებში ეს იმ მიზეზით არ აისახა, რომ „ამაზე ხალხი ქუჩაში არ ლაპარაკობს“, - განაცხადა უსუფაშვილმა. 

„მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის პეტრე მამრაძის განცხადებით, „ტრანსფერენსი ინტერნეიშენალის“ კვლევაში საქართველოში კორუფციის დონის შემცირება მოქალაქეების შიშის ფაქტორმა განაპირობა. 

როგორც „პირWელს“ მამრაძემ განუცხადა, ქვეყანაში არსებობს სრული მონოპოლია და ელიტური კორუფცია ყვავის. თუმცა გამოკითხვების დროს, მოქალაქეებში შიშის ფაქტორი მოქმედებს და ხშირ შემთხვევაში არაგულწრფელ პასუხებს იძლევიან. 

„ადამიანები ვერ ამბობენ, რომ მათ ქრთამი მოსთხოვეს. ასეთ ვითარებაში არიან მცირე მეწარმეები. ერთის მხრივ, ზოგად გამოკითხვებში საქართველო შეიძლება კარგად გამოჩნდეს, მაგრამ კორუფცია ფართე მცნებაა. ამ მხრივ, ძლიერია ელიტური კორუფცია და მონოპოლია, რაც დამღუპველია ქვეყნის ეკონომიკისთვის“, - განაცხადა პეტრე მამრაძემ. 

„ლეიბორისტული პარტია“ საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევის შედეგს არარეალურად მიიჩნევს. 

როგორც „პირWელს“ ლეიბორისტების პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი გუგავამ განუცხადა, ამჟამად, საქართველოში ელიტური კორუფციის ყველაზე მაღალი და უპრეცედენტო მაჩვენებელია, რომლის ნათელი მაგალითი „ტაბახმელაში, წყნეთსა და დიღომში სიხარულის ქუჩაზე ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ აშენებული და მშენებარე სასახლეებია“. 

გუგავას განცხადებით, ძნელი დასაჯერებელია, რომ საქართველო კვლევების მიხედვით, ევროპულ ქვეყნებზე კარგ მდგომარეობაშია კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით. 

„როდესაც ხელისუფლებას მონოპოლიზებული აქვს საქართველოს ეკონომიკა და ბიუჯეტს ისე იყენებს, როგორც საკუთარი ჯიბის ფულს, როგორ შეიძლება ქვეყანაში კორუფციის დონე დაბალი იყოს?! საქართველოში არსებობს არნახული ელიტური კორუფცია და ამას ჩვენზე – საქართველოს მოსახლეობაზე უკეთ ვერც ერთი ორგანიზაცია ვერ გრძნობს“, - განაცხადა გიორგი გუგავამ. 

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, საქართველოში მონოპოლიები არსებობს, რაც აჩენს ეჭვს, რომ ქვეყანაში კორუფცია ყვავის. 

როგორც „პირWელს“ საყვარელიძემ განუცხადა, სასიამოვნოა, როდესაც კვლევების შედეგად, კორუფციასთან ბრძოლის მაჩვენებლით საქართველო მეზობელ ქვეყნებს ჯობნის, თუმცა ამასთან, გასათვალისწინებელია ამერიკელთა შენიშვნები ელიტარულ კორუფციასთან დაკავშირებით. 

„ამერიკელები შენიშნავენ, რომ კორუფციამ მოქალაქეებიდან ელიტარულ ნაწილში გადაინაცვლა. ანუ, კორუფციის ქვედა დონე შეიცვალა და ელიტარულზე გადავიდა. მოქალაქეები აღარ მონაწილეობენ კორუფციულ გარიგებებში, მაგრამ ბიზნეს და სახელმწიფოს ზედა ეშელონებში კორუფციულ გარიგებებს ადგილი აქვს. 

ეს ფაქტი ამყარებს აზრს, რომ ქვეყანაში პონოპოლიები არსებობს და სახელმწიფო მხარს უჭერს მონოპოლიებს. აქედან გამომდინარე, ჩნდება ეჭვი, რომ ქვეყანაში კორუფცია არსებობს“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.