მამუკა ხაზარაძე პარლამენტში შესვლას გამორიცხავს, თუ ოპოზიციის ძირითადი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება

მამუკა ხაზარაძე პარლამენტში შესვლას გამორიცხავს, თუ ოპოზიციის ძირითადი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება

„ლელოს” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე პარლამენტში შესვლის საკითხს არ განიხილავს და აცხადებს, რომ ამ ნაბიჯს მისი პარტია არ გადადგამს. ის ცალსახად გამორიცხავს პარლამენტში შესვლას, თუ ოპოზიციის ძირითადი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.

„მე რომ პრაგმატულად შემეხედა პარლამენტში შესვლის საკითხისთვის, ვიფიქრებდი იმაზე, რომ ჩვენს წინააღმდეგ აღძრეს სისხლის სამართლის საქმე, ჩაშალეს ანაკლიის პროექტი და პარლამენტში შესვლით ამ პრობლემებს მოვაგვარებდით. თუმცა, ჩვენ ვფიქრობთ სწორად, სამართლებრივად, სახელმწიფოებრივად და არ გადავდგამთ ამ ნაბიჯს. „ლელო“ პარლამენტში არ შევა და არ გახდება „ოცნების“ მიერ გაფუჭებული საქმეების თანამონაწილე. გამოსავალი კი არის მყარი ფუნდამენტის მშენებლობა. არჩევნები არის პირველი ნაბიჯი - ფუნდამენტი, რომელზეც უნდა დაშენდეს ეკონომიკა, ჯანდაცვა და ბოლოს და ბოლოს ჩვენი შვილების მომავალი. როგორ უნდა უთხრა შენს შვილებს, რომ ამ ქვეყანაში არაფერი სასიკეთო ძვრა არ მოხდება. მე არ მინდა, ჩვენი შვილები, მომავალი თაობა შევაგუოთ, რომ მათი ხმა ყოველთვის დაკარგული იქნება, და ამისთვის ჩვენ - მშობლების თაობამ არაფერი გავაკეთეთ“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.