ოპოზიციისთვის მთავარ საკითხებში რიგგარეშე არჩევნებზე და პოლიტპატიმრებზე ფუნდამენტური განსხვავებაა პოზიციებს შორის და შედეგი, დაახლოება არ გვაქვს, ხოლო საარჩევნო გარემოსთან და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული კონტურები, რომ რაღაც საკითხებზე შეთანხმება შედგეს, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის შემდეგ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნისა და „პოლიტპატიმრების“ საკითხის მოგვარების გარეშე კრიზისის დაძლევას და პარლამენტში შესვლას არ განიხილავენ.
„რაც შეეხება დღევანდელ მოლაპარაკებებს, დღესაც ფასილიტატორების მხრიდან იყო თხოვნა, რომ მინიმალური ინფორმაცია გაიცეს, ამიტომ პატივს ვცემ ამ თხოვნას და „ქართული ოცნების“ პოზიციებს არ გავახმოვანებ. „ქართულმა ოცნებამ“ თავად ილაპარაკოს საკუთარ პოზიციებზე. შემიძლია გავახმოვანო ის, რაც არის ჩვენი პოზიცია და რაც ეხება მოლაპარაკების ძირითად მიმდინარეობას. მოლაპარაკებაზე არის ოთხი ძირითადი საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია ოპოზიციისთვის და რაზეც მიმდინარეობს საუბარი. პირველი საკითხი უკავშირდება რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას, მეორე საკითხი არის პოლიტპატიმრების საკითხი, მესამე არის საარჩევნო სისტემის შესაძლო ცვლილებები, მეოთხე - საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, რომელიც საარჩევნო გარემოს შეცვლას განაპირობებს. პირველ ორ საკითხთან დაკავშირებით, ანუ რიგგარეშე არჩევბნებზე და პოლიტიკურ პატიმრებზე არსებობს ფუნდამენტური სხვაობა პოზიციების მხარეებს შორის და აქ შეთანხმების რესურსი არ ჩანს. შემიძლია გითხრათ ჩვენი პარტიის პოზიცია, რომ ამის გარეშე ჩვენ რა თქმა უნდა, კრიზისის მოგვარებას და პარლამენტში შესვლას არ განვიხილავთ. მესამე საკითხზე, რომელიც ეხება საარჩევნო სისტემის შეცვლას, გარკვეული კომპრომისული წინადადებები იყო, შეთანხმებული არ არის, მაგრამ ვფიქრობ, რაღაც გარკვეული რესურსი არსებობს, რომ საარჩევნო სისტემა შეიცვალოს, ოღონდ ვიმეორებ, ჩვენთვის ეს რიგგარეშე არჩევნების საკითხს ვერანაირად ვერ ცვლის. რაც შეეხება მეოთხე საკითხს, საარჩევნო გარემოს, არსებობს გარკვეული საკითხები, უფრო მეტად ტექნიკური ხასიათის, სადაც შეთანხმება შესაძლებელია, მაგალითად, როგორ გაუმჯობესდეს უბნებზე ვითარება და როგორ იყოს ხმები უფრო დაცული. არსებობს საკითხები, სადაც შეთანხმებისგან შორს ვართ, მაგალითად, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმართებით. თუ ყველაფერს შევაჯამებთ, შეიძლება ითქვას, რომ ოპოზიციისთვის მთავარ საკითხებში - რიგგარეშე არჩევნებზე და პოლიტპატიმრებზე ფუნდამენტური განსხვავებაა პოზიციებს შორის და შედეგი, დაახლოება არ გვაქვს, ხოლო საარჩევნონ გარემოსთან და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გარკვეული კონტურები არსებობს, რომ რაღაც საკითხებზ შეთანხმებვა შედგეს“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მმართველი გუნდი ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში 12 ნოემბრიდან მართავს.
ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება.