ელისო ბოლქვაძე ზვიად ძიძიგურს: ალბათ იყავით ერთადერთი ადამიანი, რომელიც არ შეუერთდა ბიძინა ივანიშვილის კიცხვასა და გმობას იმ სახით, რასაც დიდი ხანია მიჩვეული ვართ ოპოზიციის მხრიდან

ელისო ბოლქვაძე ზვიად ძიძიგურს: ალბათ იყავით ერთადერთი ადამიანი, რომელიც არ შეუერთდა ბიძინა ივანიშვილის კიცხვასა და გმობას იმ სახით, რასაც დიდი ხანია მიჩვეული ვართ ოპოზიციის მხრიდან

„ალბათ იყავით ერთადერთი ადამიანი, რომელიც არ შეუერთდა ბიძინა ივანიშვილის კიცხვასა და გმობას იმ სახით, რასაც დიდი ხანია მიჩვეული ვართ ოპოზიციის მხრიდან. დღეს კი, სწორედ ამ განვლილი 30 წლის შესახებ გამოთქვამთ წუხლს“ - „ქართული ოცნების“ მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი ელისო ბოლქვაძე მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით ზვიად ძიძიგურის მიერ გამოთქმულ პოზიციას წერილით ეხმიანება.

ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში ელისო ბოლქვაძე პატივისცემას გამოხატავს ზვიად ძიძიგურის მიმართ, ამასთან, აღნიშნავს, რომ მან ოპოზიციის რვაწლიანი კრიტიკის მესიჯბოქსი და სტერეოტიპები გაიზიარა და მთავარ დამნაშავედ ბიძინა ივანიშვილი გამოიყვანა.

„მედიაში გავეცანი თქვენს პოზიციას მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც განვლილი 30 წლის ერთგვარ შეჯამებად წარმოგვიდგინეთ, ოპოზიციის რვაწლიანი კრიტიკის მესიჯბოქსი და სტერეოტიპები გაიზიარეთ და, ცხადია, მთავარ დამნაშავედ ბიძინა ივანიშვილი გამოიყვანეთ. პრინციპში, ამგვარ ბრალდებებს "ქართული ოცნება" მიჩვეულია, როგორც კი ოპონენტს არგუმენტი უმთავრდება, იწყებს განზოგადებულ საუბარს ივანიშვილის მართვის სტილზე ანუ ხელწერაზე, აგრძელებს არაფორმალურ მმართველობით და ასრულებს მისი რუს ოლიგარქად გამოცხადებით.

წერილის მოწერა თქვენდამი პატივისცემამ გადამაწყვეტინა. იშვიათი ბიოგრაფიისა და წარსულის მქონე ადამიანის, რომელიც ჯერ კიდევ 80-იანი წლებიდან ჩაერთო ეროვნულ მოძრაობაში, გახდა ხალხის რჩეული უზენაეს საბჭოში, ხელი მოაწერა დამოუკიდებლობის აქტს, იცავდა პირველ პრეზიდენტს, პრინციპების გამო იჯდა ციხეში და არ შეუწყვეტია ქართულ პოლიტიკაში მოღვაწეობა, სადაც ოთხი მოწვევის პარლამენტის წევრობა მოასწრო. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციაში წახვედით, შეიძლება ითქვას რომ ალბათ იყავით ერთადერთი ადამიანი, რომელიც არ შეუერთდა ბიძინა ივანიშვილის კიცხვასა და გმობას იმ სახით, რასაც დიდი ხანია მიჩვეული ვართ ოპოზიციის მხრიდან. დღეს კი, სწორედ ამ განვლილი 30 წლის შესახებ გამოთქვამთ წუხლის, დანანებით კითხულობთ, რაში გაატარა ქვეყანამ ეს დროო. ამ ოცდაათი წლის ბოლო რვა წელიწადი პარლამენტში გაატარეთ, "ქართული ოცნების" ალმის ქვეშ და ვიცე-სპიკერის სავარძელში, ვიდრე შარშან ამ დროს პოსტს დატოვებდით. იმედია, ჯერ კიდევ ვთანხმდებით იმაზე, რომ ის რაც მოხდა 2012 წელს, რამაც შესაძლებელი გახადა ავტორიტარიზმისა და ძალადობის დასრულება, ქართველ ხალხთან ერთად თავისი გამორჩეული წვლილი ბიძინა ივანიშვილსაც მიუძღვის.  მისმა გამჭრიახობამ, ალღომ, ორგანიზაციულმა უნარებმა და უდიდესმა სოციალურმა კაპიტალმა - ხალხის ნდობამ - შესაძლებელი გახადა ამ ქვეყანაში დემოკრატიის, პლურალიზმისა და საბაზისო თავისუფლებების პრაქტიკის დამკვიდრება.  დავარქვათ ამას მისი ხელწერა, როგორც თავად ხშირად იმეორებს ხოლმე ამ სიტყვას.  თქვენ, როგორც მახსოვს, არც მასთან და არც მის ხელწერასთან პრობლემა არ გქონდათ. ამიტომაც თავისუფლად გრძნობდით თავს ოცნების შიგნითაც და როცა წასვლა გადაწყვიტეთ, არც ამაში შეუშლია ვინმეს ხელი” - წერს ელისო ბოლქვაძე.