მსოფლიოში კიდევ ერთი უცნაური ობელისკი აღმოაჩინეს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ამჯერად მონოლითი დიდი ბრიტანეთში, კუნძულ უაიტის პლაჟზე იპოვეს. ობიექტი სარკით არის მოპირკეთებული. მისი სიმაღლე 2.2, სიგანე კი 0.6 მეტრია. ეს რიგით მეოთხე ობელისკია, რომელიც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იპოვეს.
პირველი მათგანი აშშ-ში, იუტას უდაბნოში 18 ნოემბერს, ვერტმფრენიდან შენიშნეს. მას შემდეგ ინტერნეტ-მომხმარებლებმა ფოტოების მიხედვით მისი ადგილმდებარეობა დაადგინეს და ობიექტის სანახავად მიდიოდნენ. რამდენიმე დღის წინ კი ობიექტი გაუჩინარდა. ადგილობრივმა სამართალდამცველებმა განაცხადეს, რომ საქმის გამოსაძიებლად არც დრო აქვთ და არც რესურსები.
ობელისკის გაუჩინარების დღეს, ანალოგიური ქანდაკება უკვე რუმინეთში იპოვეს. ის 2 დეკემბერს გაუჩინარდა. არსებობს ვერსია, რომ იუტაში ნაპოვნი ობელისკები ამერიკელი ხელოვნის, ჯონ მაკკრაკენის ნამუშევარია. შემდეგ კი ობელისკი კალიფორნიაში, ქალაქ ატასკადეროში აღმოაჩინეს.