დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განმარტა, თუ სად და რა შემთხვევაში ტარდება COVID19-ის გამოსავლენად ანტიგენზე დამზადებული ტესტი.
„ყველა საავადმყოფოს გატანილი აქვს ანტიგენის ტესტები. მთავრობის დადგენილებით მათ ევალებათ, რომ სტაციონარში მოთავსებულ ყველა პაციენტს, იქნება ეს ცხელებით, რესპირაციული სიმპტომებით თუ სხვა ნებისმიერი დიაგნოზით, ანტიგენის ტესტი ჩაუტარდეს“, - განაცხადა გამყრელიძემ.
მისი თქმით, ქვეყანაში დღეში 1000-1500 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია ხდება და 200-ზე მეტ სააავადმყოფოს და 140-მდე ამბულატორიულ ცენტრს შეუძლია ანტიგენის ტესტის ჩატარება. „ამ ადამიანებს უნდა ჩაუტარდეთ ტესტი, რომელიც წესით და რიგით გატანილი უნდა ჰქონდეს ყველა საავადმყოფოს“, - აღნიშნა გამყრელიძემ.
რაც შეეხება ამბულატორიულ ქსელს, გამყრელიძის განცხადებით დაახლოებით 140-მდე ამბულატორიულმა დაწესებულებამ ამ პროგრამაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა. „თითოეულთან დაავადებათა მართვის ეროვნული ცენტრის შესაბამისმა სამსახურმა მათთან ხელშეკრულება გააფორმა. სახელმწიფო მათ ამ ტესტს აძლევს და ტესტის ჩატარებაში უხდის შესაბამის თანხას“, - აღნიშნა გამყრელიძემ.
გამყრელიძემ ასევე განმარტა, რომ ვინც ამ პროგრამაში არის ჩართული, გატანილი აქვს ანტიგენის ტესტი და ვალდებულია მოსახლეობა გატესტოს. მან მოქალაქეებს მოუწოდა, რომ პრობლემის არსებობის შემთხვევაში,ფაქტი უწყების ცხელ ხაზზე დააფიქსირონ. „ამბულატორიული ქსელის ოპერტორები, ვინც იმ სიაშია შეყვანილი და არ ემსახურებიან მოქალაქეებს, ფაქტის გამოვლენისას მოქალაქეებმა ან შეტყობინება გამოგზავნონ ან დარეკონ 116 006-ის ცხელ ხაზზე და მათ პრობლემებს მოუგვარებენ“, - განაცხადა გამყრელიძემ.