მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ ტელეარხზე „უკრაინა 24“ ადგილობრივ „ლოქდაუნზე“ და „ლოქდაუნის“ წესებისადმი დაუმორჩილებლობაზე ისაუბრა.
როგორც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, დასასჯელი და დასაჭერია ის, ვინც არ ემორჩილება კანონს, კარანტინს და დაწესებულ შეზღუდვებს. თუ რამდენად დაუსჯელი რჩებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ამის მაგალითად მან ნეტფლიქსის ერთ-ერთი სერიალის სიუჟეტიც მოიყვანა და პარალელი ოდესის მერ გენადი ტრუხანოვთან გაავლო, რომელიც შაბათ-კვირას დაწესებული ლოქდაუნის წინააღმდეგ გამოვიდა და მერესტორნეების მიტინგსაც კი შეუერთდა.
„როდესაც შეგიძლია არ დაემორჩილო ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებას, თანაც როდესაც ეს გადაწყვეტილება ეხება უსაფრთხოებას, თანაც ასე თავხედურად და ღიად არ დაემორჩილო, თანაც საკუთარი მოქალაქეების მხარდაჭერით, მაშინ წარმოვიდგინოთ მოდელირებული სიტუაცია. დღეს არ დაემორჩილნენ ლოკდაუნს და არავის თმის ღერიც არ ჩამოუვარდა. ამის გამო უფრო მეტი ხმებიც მიიღეს საზეიმოდ. ხალხს დაავიწყდა, რომ არ გადაუწყვიტეს საკანალიზაციო სისტემის პრობლემები, წყალგაყვანილობასთან თუ ჯანდაცვასთან დაკავშირებულლი საკითხები. დაივიწყეს ყველაფერი და თქვეს, რომ აი, ყოჩაღ, არ დაემორჩილნენ. „ნეტფლიქსზე“ გადის სერიალი, რომელზეც შეგვიძლია პარალელი გავავლოთ მერ ტრუხანოვთან. ერთ-ერთი შტატის გუბერნატორი არ შეასრულებს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, ჩასვამენ თვითმფრინავში, როდესაც ჩავა აეროპორტში, დაადებენ ხელბორკილებს და გაგზავნიან ფედერალურ ციხეში. დამისახელეთ უკრაინის რომელიმე მერი, რომელიც არათუ დასაჯეს, არამედ თუნდაც დააჯარიმეს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
უკრაინაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შეზღუდვების ვრცელი პაკეტი მოქმედებს. კერძოდ, შეზღუდულია საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა, რესტორნების, ბარების და კაფეების მუშაობა. შაბათ-კვირას ქვეყანაში ე.წ. „უქმე დღის კარანტინი“ მოქმედებს, რა დროსაც დაწესებული შეზღუდვები უფრო მკაცრდება. ოდესის მერი გენადი ტრუხანოვი და კიდევ რამდენიმე ქალაქის მერი უქმე დღეებში მოქმედ შეზღუდვებს პროტესტის ნიშნად არ ემორჩილებიან.