„ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა თავისი წინადადება. მიდიოდა პოზიციების შეჯერება ამ წინადადებასთან დაკავშირებით ოპოზიციის შიგნით, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, მმართველი გუნდის მიერ წარდგენილი წინადადება იმის ნიშანია, რომ „ქართული ოცნება“ კომპრომისზე წასვლას ცდილობს.
„ჩვენ უახლოეს დღეებში, შეიძლება ხვალ, შეიძლება ზეგ, მოლაპარაკების მესამე ტურს ველოდებით, ამიტომ ოპოზიციამ შევაჯერეთ პოზიცია, რომელსაც წარვადგენთ მოლაპარაკების მაგიდაზე. აქ ვერ ვიტყვით. არის დიდი დოკუმენტი, რომელზეც ზოგ ადამიანს ასეთი პოზიცია აქვს, ზოგს ისეთი. „ოცნებამ“ ეს მოთხოვნები წამოაყენა, რაც ნიშნავს, რომ ცდილობენ კომპრომისს, რაზე წავლენ და რას დააკმაყოფილებენ, მოლაპარაკების მაგიდასთან გადაწყდება“, - განაცხადა ხვიჩიამ.
ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დიალოგის მესამე რაუნდი შესაძლოა უკვე ხვალ გაიმართოს.