გიორგი ვაშაძე: ვფიქრობ, პროცესი წინ მიდის, ფრთხილი ოპტიმიზმით შეიძლება შევხედოთ ამ სიტუაციას

გიორგი ვაშაძე: ვფიქრობ, პროცესი წინ მიდის, ფრთხილი ოპტიმიზმით შეიძლება შევხედოთ ამ სიტუაციას

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, უახლოეს პერიოდში დიპლომატიურ კორპუსთან მორიგი შეხვედრა გაიმართება, რომელშიც სავარაუდოდ, „ქართული ოცნებაც“ მიიღებს მონაწილეობას.

როგორც ვაშაძემ „ლელოს“ ოფისში ოპოზიციური პარტიის წევრებს შორის გამართული მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ განაცხადა, „პროცესი წინ მიდის“.

„ოპოზიციის ერთიანი პოზიციები შევაჯერეთ. გვიხარია, რომ საერთო პოზიციით უკვე ვემზადებით შემდგომი შეხვედრისთვის დიპლომატიურ კორპუსთან, რომელშიც სავარაუდოდ, „ქართული ოცნებაც“ მიიღებს მონაწილეობას. ამის შემდეგ უკვე საჯაროდ შევძლებთ განხილვას ჩვენს მხარდამჭერებთან, მედიასაშუალებებთან თუ სხვადასხვა კუთხით ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ახლა არის განხილვაში ზოგადად მოლაპარაკების პროცესში. ვფიქრობ, რომ პროცესი წინ მიდის. ფრთხილი ოპტიმიზმით შეიძლება შევხედოთ ამ სიტუაციას. რა თქმა უნდა, სხვადასხვა ვერსიები არის, ამდენი პოლიტიკური პარტია ვართ და ყველა ერთ აზრზე არ არის სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, რაც აბსოლუტურად ლოგიკურია, მაგრამ საერთო სტრატეგიაში ჩვენ ერთიანები ვართ. ერთიანი პოზიციით წარვდგებით შემდგომ შეხვედრაზე“,-განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, როგორც პლებისციტთან, ასევე რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები იყო, მაგრამ ოპოზიცია ერთიანია.

„ყველა ამ საკითხზე ჩვენი პოზიციაა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ შემდგომი შეხვედრის შემდეგ შევძლებთ უკვე საჯარო სივრცეში უფრო ღიად საუბარს, რომ თითოეული მოქალაქის აზრი გავიგოთ“,-განაცხადა ვაშაძემ.

amo რაო? ახლა კითხულობთ თითოეული მოქალაქის აზრს? აბა აქამდე მხოლოდ ერთი კაცის აზრით რომ დადიხართ (ყოველ შემთხვევაში თქვენი აზრები ერთი ერთში ემთხვევა იმის აზრებს)?
4 წლის უკან