ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მასობრივი ტესტირება კოვიდინფიცირებულების მაქსიმალური გამოვლენის მთავარი ინსტრუმენტია

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მასობრივი ტესტირება კოვიდინფიცირებულების მაქსიმალური გამოვლენის მთავარი ინსტრუმენტია

მასობრივი ტესტირება არის მთავარი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ინფიცირებულების მაქსიმალური გამოვლენა მოხდეს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მინისტრის თქმით, უახლოეს დღეებში COVID-19-ზე ტესტების დღიური რაოდენობა 20 ათასამდე უნდა გაიზარდოს, რაც ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაფასებლად ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია.

ტიკარაძის განმარტებით, ეს ყველაფერი ჯანდაცვის უწყებას საწოლფონდის მართვაში დაეხმარება, სამთავრობო და ეპიდემიოლოგთა ჯგუფი კი შემდეგ იმსჯელებს, თუ რა ნაბიჯებია გადასადგმელი ეპიდვითარების დასტაბილურებისა და ვირუსის მართვის კუთხით.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 162 475 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 133 511-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 504 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.