მსოფლიო დაპირისპირება გრძელდება და საქართველოს თემა არის ერთ-ერთი საგანგებო მნიშვნელობის საკითხი ამ დაპირისპირებაში,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ეუთო-ს 27-ე მინისტერიალზე საქართველოს მეგობართა ჯგუფის მიერ საქართველოს მხარდამჭერი განცხადების მიღებას.
როგორც ვოლსკი აცხადებს, აღნიშნულ დოკუმენტში ყველა საკითხია განხილული და საერთაშორისო დამოკიდებულებისთვის მნიშვნელოვანია.
„ეუთო-ს მინისტერიალზე მიღებული დოკუმენტი მოიცავს ყველა საკითხს. საკითხების ფართო სპექტრია განხილული, დაწყებული იმ დარღვევებიდან, რასაც ჰქვია ჰუმანიტარული მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე და დამთავრებული კიბერშეტევით, რომელიც რუსეთმა ჩაიდინა. ყველა საკითხია და არცერთი დეტალი არაა დატოვებული ამ დოკუმენტში. ეს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ, საერთაშორისო დამოკიდებულებისთვის მნიშვნელოვანია. ყველა საკითხი, რაც ამ დოკუმენტშია ჩამოთვლილი ისაა, რისთვისაც რუსეთი პოლიტიკურ და ეკონომიკურ ფასს იხდის“,- განაცხადა ვოლსკიმ.
ეუთო-ს 27-ე მინისტერიალზე საქართველოს მეგობართა ჯგუფმა (ბულგარეთი, კანადა, ჩეხეთი, ესტონეთი, ფინეთი, ირლანდია, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, შვედეთი, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო, აშშ) საქართველოს მხარდამჭერი განცხადება მიიღო. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ისინი ადასტურებენ სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.