„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის განცხადებით, იმ დოკუმენტში, რომელიც ოპოზიციამ გუშინ ელჩებთან შეხვედრაზე წარადგინა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის გზებია გაწერილი.
როგორც ხატია დეკანოიძემ ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ოპოზიცია მთავარი სივრციდან არ გადის, რიგგარეშე და ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა კვლავ ძალაშია.
„დოკუმენტი შეიცავს სამ მნიშვნელოვან ნაწილს. ჩვენ არ გავდივართ ამ სივრციდან, ჩვენი მოთხოვნაა რიგგარეშე და ვადამდელი არჩევნები. გამოვა ყველა ოპოზიციის ლიდერი და დაგიდასტურებთ იგივეს. ეს სივრცე არ იხსნება, არ იდღაბნება და რჩება. მეორე არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება, მესამე ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრირება. ჩვენ ამ შედეგების მისაღწევად გადავეცით დოკუმენტი, რომელშიც გაწერილია ყველაფერი დეტალურად, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ შედეგის მიღწევა, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა რიგგარეშე ვადამდელი არჩევნებით. ახლა ხელისუფლების ჯერია, გადმოდგას ნაბიჯი საქართველოს მოსახლეობისკენ. აზრთა სხვადასხვაობა არ ყოფილა. ტაქტიკაზე, სტრატეგიაზე გარკვეულწილად იყო სხვადასხვა მოსაზრება, მაგრამ ოპოზიცია არის ერთიანი“,-განაცხადა დეკანოიძემ.