„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ფასილიტატორი ელჩებისა და „ქართული ოცნებისთვის“ წარდგენილ მოთხოვნებში, ოპოზიცია ერთსულოვანია, თუმცა, გარკვეულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა არის.
როგორც ჯაფარიძემ ჟურნალისტებს „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ის, რომ არის პოლემიკა ამა თუ იმ კონკრეტულ პუნქტზე, ეს არის ჯანმრთელი პროცესი და ამაში პრობლემას ვერ ხედავს.
„ამ ერთიანობის უნიკალურობა არის ის, რომ ძალიან განსხვავებულები ვართ, მრავალფეროვანი ოპოზიცია გვყავს, მაგრამ იმ ძირითად მოთხოვნებში, რომელიც ჩამოყალიბებულია და გადავეცით მოდერატორებს, ძირითად მოთხოვნებზე არის სრული თანხმობა. არის ზოგიერთ პუნქტთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ მთლიანობაში თანხვედრაა სრული.
მე არ დავაკონკრეტებ ამა თუ იმ პუნქტს, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ძირითად მოთხოვნებთან მიმართებაში არის სრული თანხმობა. ის, რომ არის პოლემიკა ამა თუ იმ კონკრეტულ პუნქტზე, ეს არის ჯანმრთელი პროცესი და ამაში პრობლემა არ არის“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ჯაფარიძეს არ დაუკონკრეტებია ოპოზიციის იმ მოთხოვნებში, რაც ფასილიტატორ ელჩებს და „ქართულ ოცნებას“ მიაწოდეს, არის თუ არა პლებისციტი, რომელსაც ეკა ბესელია და ნინო ბურჯანაძე არ ეთანხმებიან.
„როდესაც ჩვენ გადავწყვეტთ მეორე მხარესთან ერთად, რომ გავასაჯაროვოთ ის თემები, რომელზეც ვსაუბრობთ, ყველა საკითხზე ვისაუბრებთ. თითოეულ პუნქტზე განხილვა ახლა ზედმეტად მიმაჩნია“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
„ლელოს ერთ-ერთ ლიდერს არც ის დაუკონკრეტებიან, რა გეგმა აქვს ოპოზიციას იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნების“ მიერ მათთვის წარდგენილი წინადადებები მისაღები არ იქნება.
„თეორიულ დაშვებებზე ნუ დავიხარჯებით, ვიფიქროთ კონსტრუქციულად, ვიფიქროთ იმაზე, რომ მივიღებთ შესაფერის წინადადებას და ვიმუშავებთ პოზიციების დასაახლოვებლად“, - განაცხადა ჯაფარიძემ.