„გირჩის“ წევრის სანდრო რაქვიაშვილის განმარტებით, ზურა ჯაფარიძის განცხადება პარტიის რესურსების გაყოფასთან დაკავშირებით დასაზუსტებელია. რაქვიაშვილის თქმით, საჭიროა შეხვედრა და დალაპარაკება.
„ჩვენ უბრალოდ ვერ გავიგეთ რას ნიშნავს „სახელი სჭირდება“. მიდის, ახალ პარტიას აარსებს და სახელი სჭირდება, თუ ჩვენ უნდა წავიღოთ რაღაც დოკუმენტები და ის, რაც დაწერა და თვითონ დარჩეს პარტია? ეს გაურკვეველია. გუშინაც იგივე სიტუაცია იყო იმიტომ, რომ კომუნიკაცია არ გვაქვს და სანამ შეხვედრა არ შედგება, მე ზუსტად ვერ გეტყვით ვერაფერს იმიტომ, რომ შინაარსი არ მესმის ბოლომდე. „ფეისბუქ ფეიჯი“ რასაც ნიშნავს გასაგებია, მაგრამ სხვა ნაწილში გაუგებარია“, - განაცხადა რაქვიაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, ზურაბ ჯაფარიძის მხრიდან შეხვედრის სურვილი არ არის.
„ჩვენი მხრიდან ბევრი მცდელობაც იყო და შეთავაზებაც და იქით მხრიდან არ არის ჯერ სურვილი. ჩვენ გვინდა შევხვდეთ ყველა ვარიანტში იმიტომ, რომ დაველაპარაკოთ. რანაირი შეთანხმებაც არ უნდა იყოს, ამას სჭირდება შეხვედრა. ეს ტექნიკურადაც საჭიროა და სანამ შეხვედრა არ იქნება აზრი არ აქვს ან მაშინ, მინიმუმ, უნდა დააკონკრეტოს რას გულისხმობს“, - განაცხადა რაქვიაშვილმა.
ცნობისთვის, ზურაბ ჯაფარიძე თანაპარტიელებს „გირჩის რესურსების“ გადანაწილებას და გაყოფას სთავაზობს.
„გუშინ დილით მე მქონდა კომუნიკაცია იაგო/სანდრო/ვახოსთან, და შევთავაზე ცივილიზებული ფორმით დაშორება - ჩვენ გვრჩება მხოლოდ სახელი და პეიჯი, ხოლო მათ რჩებათ ყველაფერი დანარჩენი - ბიბლიური თავისუფლება თავის შემოსავლებით, პორტალი თავის ჯედებით, ვებგვერდი, ფბ ჯგუფები, ავეჯი, ინვენტარი და ა.შ. პასუხად მივიღე: ჯერ რჩევა რომ “დავოკებულიყავი” შემდეგ მუქარა რომ „გავნადგურდებოდი“ შემდეგ ეჭვი რომ შესაძლოა “სუსის კაცი” ვიყო ბოლოს კი ისევ რჩევა, რომ ჩემი ნებით წავსულიყავი გირჩიდან, რადგან სახელში უკვე მიწერია გირჩი და ეგ უნდა ვიმყოფინო. ამ პასუხიდან გამომდინარე, დღეს კიდევ ერთხელ, ამჯერად საჯაროდ, ვთავაზობ ამ ადამიანებს ცივილიზებულ გაყრას. ჩვენ პრეტენზიას ვაცხადებთ მხოლოდ სახელსა და ფბ გვერდზე”,- წერს ჯაფარიძე „ფეისბუქის“ დახურულ ჯგუფში.