როგორ დაარწმუნებს ოპოზიცია დასავლელ შუამავლებს, როდესაც ამერიკის ელჩს „ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკანორ მელია ლანძღავს, ხოლო გერმანიის ელჩს კი ლეიბორისტების შალვა ნათელაშვილი, ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი გია აბაშიძე, საარჩევნო საკითხზე აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებთან ოპოზიციის შეხვედრას.
აბაშიძე ფიქრობს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ „ქართული ოცნებისთვის" ხელახალი, ან ვადამდელი არჩევნები ე.წ. წითელი ხაზია, იგი ამ შეთავაზებაზე დიდი ალბათობით არ წავა.
„დღეს „ქართული ოცნების" წარმომადგენელმა ბატონმა მდინარაძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდისთვის ხელახალი ან ვადამდელი არჩევნები წითელი ხაზია, არჩევნები შედგა და ეს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერაა აღიარებული.
„მეორე ის, რომ ოპოზიციურ ფლანგზე ფრაგმენტაცია, ეს უკვე დავინახეთ ბატონი ჯაფარიძის მოულოდნელი განცხადება „გირჩის" დაშლაზე თუ დაქუცმაცებაზე. არ გამოვრიცხავ ასევე რომ შიდა განხეთქილებები სხვა პარტიებშიც მოხდეს. ასე რომ, ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ეს ვითომდა ერთიანი ოპოზიცია მოღვაწეობას აწი ასე გააგრძელებს.
„რაც შეეხება ელჩებს და უცხოელ პარტნიორებს, მათ არაერთხელ განაცხადეს, რომ მოპოვებული ხმებით ოპოზიციის წარმოამდგენლები პარლამენტში უნდა შევიდნენ. თუ ისინი პარლამენტს გარეთ დარჩებიან, ეს მათი პოლიტიკური არჩევანია, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი პოლიტიკურად ნელ-ნელა ველიდან გაქრებიან. თუ აწყობთ, მათი გადასაწყვეტია.
„ამასთან ამ ოპოზიციურმა პარტიებმა თავიანთი ამომრჩეველი გააწბილეს იმიტომ, რომ მათ ამ პარტიებს ხმა მისცეს, მაგრამ ესენი ამითი არ სარგებლობენ და სახელმწიფო ბიუჯეტიდან პარტიული დაფინანსებაც უნდათ, რაც კატეგორიულად მიუღებელია.
„ვნახოთ, ჩემი ფრთხილი ვარაუდით, შესაძლოა ოპოზიციური სპექტრიდან ერთი-ორი პარტია თუ არა მეტი რამდენიმე კვირაში პარლამენტში შევიდეს იმიტომ, რომ სხვა გზა მათ არ დარჩენიათ. ელექტორატის ქუჩაში მხარდაჭერა არ აქვთ, მათ უცხოელი პარტნიორებისგან ასე ვთქვათ ზეწოლა თუ არა მეგობრული რჩევა აქვთ, რომ პარლამენტში შევიდნენ.
„ეს რაღაცა პოლიტიკურ თამაშებს უფრო ჰგავს, ეს არა სტრატეგიული არამედ პოლიტიკური ტაქტიკური თამაშებია, რომ რამენაირად დაარწმუნონ, მაგრამ როგორ დაარწმუნებენ, როდესაც ამერიკის ელჩს „ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკანორ მელია ლანძღავს, ხოლო გერმანიის ელჩს კი ლეიბორისტების შალვა ნათელაშვილი და აქ უკვე წარმოუდგენელია, შენ თუ მუშაობა ფასილიტატორთან გინდა, მას აგინებ, ლანძღავ და ამუნათებ, ოპოზიციაში საერთოდ წარმოუდგენელი ირაციონალური რაღაცეები ხდება, რაც დასანანია იმიტომ, რომ ქართულ საზოგადოებას ჯანსაღი და კონსტრუქციული ოპოზიცია ნამდვილად სჭირდება," - განაცხადა აბაშიძემ.