„ოპოზიციის წინადადებები იმდენად აბსურდულია, რომ უფრო სურვილებს ჰგავს. ამ შემთხვევაშიც ვერსია მგონია, ვიდრე რეალური გადაწყვეტილება" - ასე ეხმურება პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ოპოზიციის განცხადებას ალტერნატიული პარლამენტის შექმნასთან დაკავშირებით.
როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, სამომავალო გეგმებზე განცხადებას უახლოეს დღეებში გააკეთებენ, როცა საბოლოო დოკუმენტზე შეჯერდებიან. მანამდე კი ერთიან პოზიციაზე დაგანან, მოთხოვნები უცვლელია და აპირებენ ალტერნატიული პარლამენტის შექმნას.
„ანალოგიური მოვლენები ქართულ პოლიტიკაში უკვე იყო. როგორც ჩანს, დღევანდელ ოპოზიციას არ ახსოვს და ფიქრობენ, რომ ისინი დგამენ ახალ ნაბიჯს. ამიტომ შევახსენებ, რომ ანალოგიური მოვლენა იყო ზვიად გამსახურდიას დროს, როცა შეიქმნა კონგრესი და იქ პოლიტიკოსებს შორის მომხდარმა დაპირისპირებამ გააღვივა და თავისი წვლილი შეიტანა სამოქალაქო ომის კლიმატის შექმნაში.
მეორედ 2008 წელს, მაშინ როცა ოპოზიცია პარლამენტში არ შევიდა, „ახალმა მემარჯვენეებმა" შექმნეს ალტერანტიული პარლამენტი, დარბაზიც იქირავეს, მაგრამ იმ პარლამენტმა დიდი კვალი ვერ დატოვა ქართულ პოლიტიკაში.
ოპოზიციის წინადადებები იმდენად აბსურდულია, რომ სურვილებს ჰგავს, ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ ეს უფრო ვერსიაა, ვიდრე რეალური გადაწყვეტილება. არც იმას გამოვრიცხავ, ხელისუფლებამ რომ უთხრას, პარლამენტში არ შემოხვიდეთო, უფრო გაბრაზდნენ და თქვან, თქვენ ვინ გეკითხებათ, ხალხმა აგვირჩიაო. მოკლედ, უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, მალე გამოჩნდება, რა გზას ადგას ოპოზიცია - შექმნის ალტერანტიულ პარლამენტს, ალტერნატიულ მთავრობას, თუ აპირებს საქართველოს მოსახლეობა ალტერნატიულ სამყაროში აცხოვროს," - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.