სალომე სამადაშვილი: ოპოზიცია ფასილიტატორების წინაშე სამართლიანი, პოლიტიკურად გამართული და სახელმწიფოებრივი ინტერესებით მოტივირებული წინადადებით წარდგება

სალომე სამადაშვილი: ოპოზიცია ფასილიტატორების წინაშე სამართლიანი, პოლიტიკურად გამართული და სახელმწიფოებრივი ინტერესებით მოტივირებული წინადადებით წარდგება

ოპოზიცია ფასილიტატორების წინაშე ძალიან კარგი, სამართლიანი, პოლიტიკურად გამართული და სახელმწიფოებრივი ინტერესებით მოტივირებული წინადადებით წარდგება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

„მე არ მინდა, მოვლენებს გავუსწრო და ამ პირობების დეტალებზე ვისაუბრო, ვიდრე მთლიანად ოპოზიციური სპექტრი არ გააცნობს თავის პოზიციას საზოგადოებას. ძალიან კარგი, სამართლიანი, პოლიტიკურად გამართული და სახელმწიფოებრივი ინტერესებით მოტივირებული წინადადებაა ის, რაც დღეს ოპოზიციას აქვს მომზადებული.

„ქართულ ოცნებას“ თუ სურს ქვეყანა გამოვიდეს პოლიტიკური კრიზისიდან, ჩვენ მათ ამ წინადადებით ვაძლევთ სივრცეს მოლაპარაკებებისა და შეთანხმებისთვის. ბურთი იქნება „ქართული ოცნების“ მოედანზე და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საჯარო გახდეს ჩვენი წინადადებები იმიტომ, რომ საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რეალურად, ვის სურს დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლა და ვის სურს, პოლიტიკური კრიზისის გაღრმავება“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ოპოზიცია დღეს დიპლომატებს შეხვდება და იმ წინადადებებს გააცნობს, რომელთა შესახებაც გუშინ „ლელოს“ ოფისში შეთანხმდნენ. სამსაათიანი დახურული კონსულტაციების შედეგად, ცნობილი გახდა, რომ ოპოზიციის მოთხოვნების ჩამონათვალი გაიზარდა, ნაწილი კი დაზუსტდა.

კანონმდებლები კი საქმიანობას მომდევნო კვირიდან უნდა შეუდგენენ. ამ ერთ კვირაში უნდა გადაწყდეს, მოხერხდება თუ არა დიალოგის მესამე რაუნდზე შეთანხმება. მეათე მოწვევის პარლამენტში, მმართველ პარტიასთან ერთად, კიდევ 8 პოლიტიკური სუბიექტი უნდა შევიდეს, თუმცა ოპოზიცია ჯერ კიდევ ბოიკოტს განაგრძობს. როდის დაინიშნება მოლაპარაკებების მესამე რაუნდი, ჯერ კიდევ უცნობია.