ძალიან სასარგებლო კონსულტაციები გვქონდა, რომელიც რამდენიმე დღეა, გრძელდება. ჩვენი პოზიცია არის ერთიანი, წინადადებები, რომელიც ამ შეხვედრების შედეგად ჩამოვაყალიბეთ, ერთიანიa, არის ახალი, საინტერესო კომპონენტებიც – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ახალი კომპონენტის შესახებ საზოგადოებას მას შემდეგ გააცნობენ, რაც მოდერატორებისგან ამაზე თანხმობა ექნებათ.
„არის ახალი, საინტერესო კომპონენტებიც, მაგრამ რაც მთავარია, ოპოზიციური პარტიები, ვგულისხმობ პარტიებს, რომლებმაც გადალახეს ზღვარი, ვართ ერთაინი ჩვენს პოზიციაში. ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით მოთხოვნა იგივეა, არის სხვა საინტერესო წინადადებები ჩვენი აზრით, ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რასაც ჩვენს მოდერატორებს აუცილებლად გავაცნობთ.
ვიდრე არ გვექნება ჩვენი მოდერატორებისგან შესაბამისი თანხმობა, ჩვენ ამ კომპონენტებს საზოგადოებას ვერ გავაცნობთ, მაგრამ გპირდებით, აუცილებლად გავაცნობთ საზოგადოებას, როდესაც მოდერატორებთან შევთანხმდებით და შეგვეძლება გამოვიტანოთ საჯაროდ“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ამასთან, როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, ელჩები მოლაპარაკებების პროცესში დიდ როლს თამაშობენ და მათი დამსახურება განუზომელია.
„ვერ გეტყვით, მოდერატორებთან შეხვედრა როდის იქნება, ჩვენ მუდმივად გვაქვს კავშირი მოდერატორებთან, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ელჩებთან მუდმივად გვაქვს კავშირი. მათთან კომუნიკაცია გვექნება, მაგრამ ზუსტად როდის და სად, ამას ვერ გეტყვით. ამ წუთისთვის ცვლილება პოზიციაში არ არის. სწორედ ამას ვგულისხმობდი, როდესაც ვამბობდი, რომ ოპოზიცია ერთიანია.
სტრატეგიული პარტნიორის ელჩები ზოგადად ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდ როლს თამაშობენ, კერძოდ კი ამ მოლაპარაკებებში. ჩვენი მოდერატორების მიმართ სრული ნდობა მაქვს. ისინი არიან მონდომებულები, რომ ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს. აქედან გამომდინარე, მათი როლი განუზომელია. ქალბატონ დეგნანს და ბატონ ჰარცელს სურთ, ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ პოლიტიკური შეთანხმება მოხდეს“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
რაც შეეხება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებას, ამასთან დაკავშირებით ჯაფარიძემ განაცხადა, რომ არჩევნების შედეგები ქართველი ხალხის ნებას არ ასახავს.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები სამარცხვინოდ ჩატარდა და შედეგები ქართველი ხალხის ნებას არ ასახავს. შესაბამისად, ის, რასაც დღეს შეაჯამებს ცესკო, არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. ნატო-სთან ნებისმიერი დაახლოება არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ნატო-ში და ევროატლანრიკურ სტრუქტურებში ჩვენი ქვეყნის დაჩქარებული გაწევრიანება მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, როდესაც ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ წერტილს დავუსვამთ არჩევნების გაყალბებას და ისეთ არჩევნებს ჩავატარებთ, რომელიც ზუსტად ასახავს ჩვენი ხალხის ნებას. როგორც კი ჩვენთან დემოკრატიული ინსტიტუტები გაძლიერდება და ჩვენ დავუახლოვდებით ნატო-ს სტანდარტებს, ჩვენი გაწევრიანებაც დაჩქარდება“, – აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.
ამასთან, ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია და ბიუჯეტის განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს.
„ამ წუთას ბოიკოტის რეჟიმი შენარჩუნებულია, შესაბამისად, განხიოლვაში მონაწილეობას ვერ მივიღებთ. დღევანდელი პერსპექტივა ასეთია. დაბალი კომპეტენციის მთავრობის მიერ მომზადებული ბიუჯეტი ჩვენთვის მისაღები არ არის“, – განაცახდა ბადრი ჯაფარიძემ.