პარლამენტის ყოფილი წევრის, კობა დავითაშვილის გარდაცვალებას პოლიტიკოსები და ცნობილი ადამიანები ეხმაურებიან.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი მისი და კობა დავითაშვილის 20 წლიანი მეგობრობის ისტორიას იხსენებს. ხიდაშელის თქმით, დავითაშვილი ჯერ კიდევ 1991 წელს გაიცვო, მაშინ, როცა ერთად იურისტთა ასოციაციის შექმნას ფიქრობდნენ და მას შემდეგ კი პოლიტიკაშიც მათი გზები არაერთხელ გადაიკვეთა.
ხიდაშელი ამბობს, რომ სააკაშვილის მიერ 7 ნოემბერს სამაგალითოდ დასჯილი და სიკვდილისთვის გამეტებული კობა დავითაშვილის ისტორიის დავიწყება და პატიება შეუძლებელია.
“ეხლა რასაც დავწერ არასოდეს არათუ არ დამიწერია, არც კი მიფიქრია აქამდე. ყოველთვის ვცდილობ ყველაფერის რაციონალიზაციას, მათ შორის სიბრაზის, სიბრიყვის…
კობა დავითაშვილი 91 წელს გავიცანი, წითელი კერასინკის წინ, ნავთით გაჭვარტლულ ოთახში, გამხმარი პურით და პელეს სასწაული ყავით შეიარაღებულები სხვა ჩვენნაირ ფანატიკოსებთან ერთად იურისტთა ასოციაციის შექმნას რომ ვფიქრობდით, ვგეგმავდით, ვწვალობდით.
ეს მაშინ ხდებოდა, როდესაც სრულიად გულწრფელად გვეგონა ქვეყანის მოქცევას, შემობრუნებას, გადარჩენას შევძლებდით.
იმ ნახევარსარდაფის გაყინულ კედლებში 4 წელი მორიგეობით ტელეფონთან ვყარაულობდით სასოწარკვეთილი, გაჭირვებული, დაჩაგრული ადამიანებისთვის იურიდიულ დახმარებას ვეწეოდით, სახლიდან წიგნები მოგვქონდა და ერთმანეთს ვუზიარებდით, ხანდახან ხმამაღლაც ვკითხულობდით.
არასოდეს დამავიწყდება არსენა მარაბდელის ადვოკატი კობა, როდესაც დამოუკიდებელი სასამართლოს მოდელირებას ვცდილობდით, მერე ამ სასამართლოების მოდელირების დიდი სატელევიზიო პროექტი რომელიც სწორედ კობას მიყავდა. 13 წელი პრაქტიკულად დღე არ ყოფილა ერთამენთი არ გვენახა, სუილ ვკამათობდით – მემარჯვენე-მემარცხენე ომი გვქონდა ოფისში.
ის უსასტიკესი წლები, შიმშილი, ომები, სიცივე, უშუქობა, უტრანსპორტობა, სწორედ ერთმანეთს ერთად ყოფნით გადავატანინეთ – თუ ვინმე უიმედობის უფსკრულისკენ გაექანებოდა, მაშინვე თმებში ხელს ვტაცებდით …
ინგაც ასოციაციაში გაიცნო კობამ, ისევე როგორც ბევრმა ჩვენგანმა სწორედ იქ იმ კედლებში და იმ გარემოში იპოვა სამუდამო საყრდენი…
შემდეგ კობა პოლიტიკაში წავიდა და ისე ხშირად ვეღარ ვხვდებოდი, მერე ისევ გადაიკვეთა ჩვენი გზები. ისე სულ ვკამათობდით, ვდაობდით მერე იყო საზარელი 7 ნოემბერი, მისი ძებნის დაუსრულებული საათები …
ბოლო 5-6 წელია არ მინახავს. პერიოდულად მესმოდა მისი ამბები, ხან ტელევიზორიდან. ხან საერთო მეგობრებისგან…
კობას გარდაცვალება რამდენიმე წუთის წინ აქ, facebook-ით რომ გავიგე, ისე რომ ასე მძიმედ თუ იყო ისიც არ ვიცოდი, თავზარდაცემულმა საჯაროდ ვიყვირე.
აქ ვიღაც არაჯანსაღი, მაინც მგონია ადამიანები არ არიან და ბოტები არიან, 20 წლის მეგობრის გარდაცვალების გაგების მომენტში პოლიტიკურ შეფასებებს მთხოვენ და ჩვეული ზიზღით იღვრებიან.
ვიღაც შლეგებს, საკუთარი სისუსტეების და სიპატარავის გამო, ალბათ მართლა ყველა მათსავით მშიშარა და უხერხემლო გონიათ.
ამ შლეგებს გონიათ სააკაშვილის მიერ სამაგალითოდ დასჯილი და სიკვდილისთვის გამეტებული კობას ისტორიის დავიწყება შესაძლებელია ან პატიება შემიძლია.
ამ უგუნურ შლეგებს გონიათ არსებობს ამ ქვეყნად რამე ადამიანის სიცოცხლეზე უფრო ძვირფასი.
ალბათ მართლაც გონიათ, იმიტომ რომ საკუთარი თავის საზომი აქვთ ყველასთვის. არადა წარმოდგენა არ გვაქვს საერთოდ ვინ არიან, ან იმ 7 ნოემბერს რომელ მხარეს იდგნენ, კობას სიკვდილისთვის გამეტებას ამართლებდნენ თუ აპროტესტებდნენ, ეხლა გაბოროტდნენ თუ მაშინ იმ ხალხს შორის იყვნენ ვისაც სცემდნენ და ავიწროვებდნენ. საკუთარ სიპატარავესა და შიშებში ჩაკარგული, უგუნირებით და გასაოგნებელი უნიჭობით შეიარაღებული ფეისბუქის ვეფხვები იმასაც კი ვერ ახერხებენ წონასწორობა დაგაკარგინონ.
მაგრამ ეს კონკრეტული შემთხვევა ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა. ზუსტად ვიცი რომ ხვალ ვინანებ ამ სტატუსს, ხვალ ისევ დამენანებით, ისევ თქვენი სიშლეგის რაციონალიზაციას დავიწყებ, მაგრამ დღეს, დღეს …
ამ მასშტაბის სიბეცის, სიბრიყვის რაციონალიზაცია არ შემიძლია. დღეს დამოუკიდებლობის 30 წლის თავზე ამ ადამიანების ზიზღით დაავადების ასეთი მასშტაბი ძალიან სახიფათოა და სახელმწიფოდ შედგომის მთავარ მუხრუჭად მეჩვენება”, – წერს თინა ხიდაშელი.
დავითაშვილის გარდაცვალებას გამოეხმაურა ჟურნალისტი, ანალისტიკოსი არჩილ გამზარდიაც. მისი თქმით, კობა დავითაშვილი ისევე, როგორც სულხან მოლაშვილი და ბევრი სხვა, წინა ხელისუფლების სისტემის მსხვერპლია და თუ სისტემა არ შეიცვალა, შესაძლოა მან კიდევ რომელიმე მოქალაქე მსხვერპლად აქციოს.
“კობა დავითაშვილიც, სულხან მოლაშვილიც და ბევრი სხვაც თავის დროზე იყო იმ ხელისუფლების სისტემის მსხვერპლი, რა სისტემაც ამჟამინდელ ხელისუფლებას ასულდგმულებს. როგორც ჩვენ დღესაც ვხედავთ წინა ხელისუფლების სისტემის გამო გარდაცვლილებს, ასე ვნახავთ ხვალ-ზეგ ამჟამინდელი ხელისუფლების სისტემის მსხვერპლებს შანტაჟით, პირადი ცხოვრების გავრცელებისგან თუ სხვა მორალური შეტევით მიღებული სტრესით დაავადებით გარდაცვლილების, შიმშილით, სიღარიბით დაავადებული ადამიანების გარდაცვლილების და ა.შ.
სისტემა, რომელიც მოქალაქეს ხშირად მსხვერპლად აქცევდა, სულ ცოტა ორი ხელისუფლებაა, მართავს. მხოლოდ მეტ-ნაკლებობასა და ფორმებზე თუ ვიდავებთ, მაგრამ არა არსზე”, – წერს არჩილ გამზარდია.
კობა დავითაშვილის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა 7 ნოემბრის აქციის მონაწილე, დაჩი ცაგურიაც.
“გული მომიკვდა კობას გარდაცვალების გამო, როგორ დააინვალიდეს ეს მთასავით კაცი ამ ხლისტებმა…
მარტო კობას ცოდვით ვერ გაიხარებთ მიშას თამადობით მისი სექტის მეთაურიან მიმდევრების ჩათვლით, ეს უდიდესი ცოდვა გეყოფათ სულ ყველას…
თან რა ცუდ დროს წავიდა, სამძიმარზეც ვერ მივალ იზოლაციის გამო, არადა მაშინ კობა რომ გაიტაცეს და სასტიკად გაუსწორდნენ სად ყავდათ არ ვიცოდით, ვეძებდით და გაავრცელეს ჭორად რომ კობა გარდაცვლილი იყო, ფეხები უკან მრჩებოდა მივედი მის ოჯახში… როგორ ცხოვრობთ ამხელა ცოდვებით? როგორ გძინავთ ღამე თქვე არაადამიანებო? მეზიზღებით და მძულხართ! სანამ პირში სული მექნება თქვენი მტერი ვიქნები და რითიც შემეძლება არ გაგახარებთ!”, – წერს დაჩი ცაგურია.
კობა დავითაშვილის გარდაცვალებაში წინა ხელისუფლებას ადანაშაულებს კულტურის პალატის თავმჯდომარე დავით ოქიტაქშვილი და დამნაშავეების გასამართლებას ითხოვს.
“ნაც მწამებლებო, ნაც -ჯალათებო, ნაც -მკვლელებო, კიდევ ერთი ღირსეული ადამიანი მოკალით წამებით, კობა დავითაშვილი გარდაიცვალა.მოვითხოვ საჯაროდ გაუქმდეს მწამებელთა და ჯალათთა პარტია. დავიღალეთ,დავიღალეთ,დასაჯეთ ყველა ყველა .დაამთავრეთ ქვეყანაში ამ მწამებლების ფარფაში კანონის ფარგლებში. ნაცი კლავს”, – წერს დათო ოქიტაშვილი.
კობა დავითაშვილის გარდაცვალებას ემოციური პოსტით გამოეხმაურა “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, ირმა ინაშვილიც. მისი თქმით, კობა დავითაშვილი მაგალითია იმისა, რომ ადამიანები უსამართლობას არ უნდა შეეგუონ.
“ღმერთმა სამოთხეში დაამკვიდროს მისი სული! მაშინაც კი არ გახდა შემგუებელი, როცა ფიზიკური ძალები არ ჰყოფნიდა. ვაფასებ! გული მტკივა. ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას. ვწუხვარ იმის გამოც, რომ სიცოცხლეში ვერ მოესწრო არა კერძო, არამედ საზოგადოდ სამართლიანობის აღდგენას. ჩემთვის კობა დავითაშვილი მაგალითია. მაგალითი იმისა, რომ უსამართლობას არ უნდა შევეგუოთ, სულის მხნეობა ბოლომდე უნდა შევინარჩუნოთ! და უნდა ვიმოქმედოთ! ამ ფოტოზე ის წამია ასახული, როცა მეკითხება:” არის შანსი, რომ პარლამენტმა რეზოლუციას კენჭი არ უყაროს?” კენჭი უყარეს! არ მიიღეს!”, – წერს ირმა ინაშვილი.
დავითაშვილის გარდაცვალებას გამოეხმაურა “ქართული ოცნების” წევრი, გრეტა ციცავაც.
“2012 მდე ამბავი… ოპოზიციაში ვართ… ლეპტოპი გამიფუჭდა-მოკლედ ” გაჭედა” . შეწუხებულმა ვთქვი ეს ამბავი.. კობა იქვე იდგა და მითხრა-რა პრობლემაა, ახლავე მოგიგვარებო (პროგრამები წაშალა, ჩატვირთა და ა.შ) მოკლედ დიდად დამეხმარა, ნიჭიერი ადამიანი იყო..
კობა დავითაშვილი გარდაიცვალა”, – წერს გრეტა ციცავა.
მომღერალი ზურა ხაჩიძეც გამოეხმაურა კობა დავითაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება და ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.
„ღმერთმა მოიხსენოს კობა შენი სული! ამინ. ძალიან მეწყინა და ვუსამძიმრებ მის ოჯახს! წესიერი და განათლებული ქართველი დაკარგა საქართველომ! (კიდე პრეტენზია აქვთ ამის ჩამდენებს ხელისუფლებაში მოსვლის)“, – წერს ხაჩიძე სოცქსელში.
შეგახსენებთ, რომ კობა დავითაშვილს 2017 წელს ე.წ. ბეხტერევის დაავადება დაუდგინეს. ის დაახლოებით 2 კვირის წინ ალადაშვილის კლინიკაში მძიმე მდგომარეობით გადაიყვანეს, სადაც ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა.
პოლიტიკოსი დღეს, 2 დეკემბერს 49 წლის ასაკში გარდაიცვალა.