ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის მიერ თანამდებობის დატოვების ფაქტმა პოლიტიკურ და ანალიტიკურ წრეებში გარკვეული ვარაუდები და ეჭვები გააჩინა. თითქოსდა, ანა მიქელაძე გარკვეული ზეწოლის შემდეგ მივიდა ამ გადაწყვეტილებამდე, თუმცა, ეს გარე ზეწოლის შედეგად მოხდა თუ შიდა, ამაზე საუბარი რთულია. გამოითქვა მოსაზრება, რომ ცესკოს პრესსპიკერი აიძულეს დაკავებული პოსტი დაეტოვებინა. მეორე ვერსიის თანახმად კი, მიქელაძემ იმ ზეწოლას ვერ გაუძლო, რაც ოპოზიციის მხრიდან ცესკოს მისამართით ხორციელდებოდა.
საუბარია იმის შესახებ, რომ ანა მიქელაძის გადაწეყვეტილება ცესკოში გარკვეული რღვევის დასაწყისია და რეალურად, საარჩევნო ადმინისტრაციის დასასრულის დასაწყისიც შეიძლება ვუწოდოთ. თავისთავად ეს ფაქტი სწორედ იმით არის საინტერესო, რომ მოსალოდნელია, ამას მოჰყვეს ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გადადგომაც.
„ყველა ჩემს გულშემატკივარს გიდასტურებთ, რომ პირადი გადაწყვეტილებით, დღეიდან უკვე ოფიციალურად აღარ ვარ ცესკოს თანამშრომელი. ცხოვრებაში გვიწევს რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და, რაღა თქმა უნდა, თითოეული ჩვენი ნაბიჯი თანხვედრაში უნდა იყოს ჩვენივე ღირებულებებთან. ვინც კარგად მიცნობთ, იცით, რომ ყოველთვის, როგორც ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში, ისე საჯარო სექტორში მუშაობისას, ვხელმძღვანელობდი მხოლოდ პროფესიონალიზმის, სამართლიანობის, კეთილსინდისიერების პრინციპებით და მუდამ ვცდილობდი, ჩემი, თუნდაც მცირე წვლილი შემეტანა ჩვენი ქვეყნის განვითარების პროცესში“, - წერს მიქელაძე პირველ დეკემბერს „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ პოსტში.
აქვე აღსანიშნავია საინტერესო დეტალი: ანა მიქელაძე მედიასთან ბოლოს 2 ნოემბერს გამოჩნდა. მას შემდეგ ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგებს სხვა პირები მართავდნენ - ჯერ ადამიანური რესურსების მართვის ან იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები, შემდეგ კი ახალი პრესსპიკერი. მაშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მიქელაძემ ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების გაყალბების გამო დატოვა, თუმცა ცესკო არ ადასტურებდა პრესპიკერის წასვლის შესახებ ინფორმაციას და აცხადებდა, რომ ანა მიქელაძის ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან არ გამორიცხავს, თამარ ჟვანიას მიერ თანამდებობის დატოვებას, თუმცა, როგორც მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ეს არა თავად ცესკოს თავმჯდომარის ნებით მოხდება, არამედ გარკვეული ძალების ჩარევის შედეგად. მისივე თქმით, ანა მიქელაძის შემთხვევაში უცნობია ვისი მხრიდან ჰქონდა ადგილი ზეწოლას.
„არ მგონია, თამარ ჟვანიამ ამ ეტაპზე თანამდებობა დატოვოს. სხვა რაგნის ხალხია ცესკოს პრესსპიკერი და თავმჯდომარე. ალბათ, ცესკო შეაჯამებს საბოლოო შედეგებს. შემდეგ კი, შესაძლოა, დატოვოს თანამდებობა, უფრო სწორად დაატოვებინონ, მაგრამ თამარ ჟვანია არ გადადგება, ამაში დარწმუნებული ვარ.
ახლა ოპოზიციის მხრიდან ცესკო მიზანშია ამოღებული და მუდმივი შეტევა მიდის. ნებისმიერი თანამდებობის პირის გადადგომა ან იძულებით ზეწოლის შედეგად რაიმე განცხადების გაკეთება უკვე ნიშნავს, ყოველ შემთხვევაში ოპოზიციისთვის, რომ მან ამით რაღაც ქულები მოიპოვა.
ზეწოლა არის ცესკოზე და მის წევრებზე. როგორც ჩანს, პრესსპიკერმა ჩათვალა, რომ მან ამოწურა თავისი შესაძლებლობები და არ უნდა შიდა უბედურებაში გახვევა, მიუხედავად იმისა, რამდენად პატიოსნად ასრულებდა თავის მოვალეობას. ამ ვითარებაში პრესსპიკერის როლი მინიმალურზე მინიმალურია. ყოველდღე მოღალატის ძახილსა და შეუარცხყოფას საკმაოდ მტკიცე ნერვები სჭირდება. თანაც, უნდა გიღირდეს ამის გაკეთება, რომ მოითმინო და საქმე გააგრძელო. ალბათ, მისთვის საკმარისი აღმოჩნდა ეს ზეწოლა და გადადგა.
უშუალოდ პრესსპიკერზე მეეჭვება, რომ რომელიმე მხარის მიერ ყოფილიყო ზეწოლა. უბრალოდ, საუბარია ცესკოზე ზეწოლის შესახებ. გადადგა და ძალიან მშვიდი განცხადება გააკეთა. ვერ აიძულებ ადამიანს, რომ გაუძლოს ამდენ შეურაცხყოფას“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ For.ge-სთან.
კიდევ ერთი ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ჩვენ საუბარში აღნიშნავს, რომ შესაძლოა, ანა მიქელაძემ ეს გადაწყვეტილება გარკვეული ზეგავლენის შედეგად მიიღო, რადგან „ასეთ თანამდებობას სერიოზული მიზეზების გარეშე არ ტოვებენ“. თავად ანჯაფარიძეც არ გამორიცხავს, რომ უახლოეს პერიოდში ცესკოს ადმინისტრაციაში გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს, შესაბამისად, თამარ ჟვანიას მაინც მოუწიოს დაკავებული თანამდებობის დატოვება.
„ის რომ ანა მიქელაძემ დატოვა პრესსპიკერის თანამდებობა, თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ მას ჰქონდა შინაგანი კოფლიქტი. ამას შეგვიძლია დავარქვათ ღირებულებითი, ემოციური თუ სხვა ტიპის კონფლიქტი იმ პროცესებთან, რასაც ადგილი ჰქონდა არჩევნების დროს. ასეთ თანამდებობას სერიოზული მიზეზების გარეშე არ ტოვებენ, თუმცა, არ ვიცი, ეს გამოწვეული იყო პირადი უთანხმოებით რაღაც საკითხებთან დაკავშირებით, თუ გარეშე ზეგავლენით. როგორც ჩანს, სუბიექტურმა თუ ობიექტურმა გარემოებამ აიძულა ეს გადაწყვეტილება მიეღო. შესაძლოა, ეს განპირობებული ყოფილიყო იმით, რომ პიროვნულად რაღაცას არ ეთანხმებოდა, ან განპირობებული იყო გარე ზეგავლენით, ეს გამოჩნდება უახლოესი კვირების განმავლობაში, თუ როგორ მოიქცევა თავად ქალბატონი მიქელაძე.
თამარ ჟვანია არის არჩეული გარკვეული ვადით. ცესკოს თავმჯდომარის გადაყენებას, თუ ამის აუცილებლობა დადგა, სჭირდება შესაბამისი პროცედურები. შესაძლოა ერთ-ერთი საკითხი იყოს საარჩევნო ადმინისტრაციის სამომავლო ცვლილება. შესაბამისად, არაფერია გამორიცხული. ყველა საკითხი შეიძლება იყოს განხილული და მათ შორის ესეც“ - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ For.ge-სთან.