ქართველი მკითხველი მალე ქართველი კლასიკოსი მწერლის – გურამ დოჩანაშვილის ავტობიოგრაფიულ რომანს იხილავს. წიგნის “რაც უფრო მახსოვს და მეტად მაგონდება” პრეზენტაცია 16 დეკემბერს “თი-ბი-სი გალერეაში” გაიმართება და რომანი უახლოეს დღეებში გაიყიდება.
გურამ დოჩანაშვილი დაიბადა 1939 წლის 26 მარტს, თბილისში. მისი პირველი მოთხრობები დაიბეჭდა ჟურნალ “ცისკარში“ 1961 წელს. გურამ დოჩანაშვილის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებებია: ''სამოსელი პირველი'', ''კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა'', ''იგი სიყვარულისთვის იყო გაჩენილი, ანუ გრიშა და მთავარი'', ''ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება, ანუ მესამე ძმა კეჟერაძე'', ''ვატერ(პო)ლოო ანუ აღდგენითი სამუშაოები'' და სხვა.
საუკეთესო ციტატები გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოებებიდან:
“ნამდვილ ჯამბაზს თვალებში ყინული და წებო კი არა, ნაღვლიანი საიდუმლო უნდა ჰქონდეს...“
(“სამოსელი პირველი“).
“დედამიწას სიყვარული ატრიალებს“.
(“სამოსელი პირველი“).
"ოკეანე ხარ... დიდი მოქნილი თევზებით სავსე. ხან გაცოფებული თავსდატეხილ გრიგალებს უყეფ,ხანაც კი-მშვიდი,ბლანტე და ფსკერზე ზარმაც ფიქრებად ირხევიან ფერად-ფერადი მცენარეები…ოკეანე ხარ, მზეზე იზმორები და ღამით, უნებურად გაღვიძებული, ისევ სიკვდილზე ფიქრობ და გრძნობ, რომ მუდამ ორთქლდები, რომ უცილებლად დაიწრიტები და შენი თევზებიც სულს დაღაფავენ... მაგრამ როგორც არ უნდა მოიწყინო,გაიტეხო გული, შენს ჯიუტ თევზებს საკვები მაინც უნდათ და… ისევ დავბოდიალობთ ქვეყნად, ამ დალოცვილი დედამიწის ზურგზე...“.
(“კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“).