ბიძინა კულუმბეგოვი: რომ არა შეზღუდვები, შეიძლება ყოველდღიურად კორონავირუსის 8-9 ათასი შემთხვევა ყოფილიყო

ბიძინა კულუმბეგოვი: რომ არა შეზღუდვები, შეიძლება ყოველდღიურად კორონავირუსის 8-9 ათასი შემთხვევა ყოფილიყო

„ჩვენ გვყავს „დაჭრილი“ ადამიანები, ჩვენი გენერალი, მთავარი ინფექციონისტი იყო „დაჭრილი“, მეტი რა უნდა მოხდეს“, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანას რომ ღონისძიებები არ განეხორციელებინა, 20 დეკემბრიდან ახალ წლამდე საქართველოში შეიძლება დღიურად 8-9 ათასი შემთხვევა ყოფილიყო.

„ბოლო ორი კვირაა, 52 ათასზე მეტი პაციენტი გვყავს, ეს ევროპის არც ერთი, ჩვენი მოცულობის ქვეყნებში არ ხდება. ამიტომ სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას ქვეყანა და იმედი მაქვს, რომ სტაბილიზაციის კუთხით შედეგები ორ კვირაში იქნება“, - აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 135 584 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 113 986-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 267 მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმშია 2 076 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 6 286 პაციენტი. ​კოვიდ-სასტუმროში 3 844 ადამიანი იმყოფება.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.