ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველო ვაქცინების მწარმოებლებთან პირდაპირ შესყიდვებზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველო ვაქცინების მწარმოებლებთან პირდაპირ შესყიდვებზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

ამირან გამყრელიძემ განმარტა, თუ როგორ შეიძენს საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველო კოვაქს-პლატფორმასთან თანამშრომლობს, რომელიც 2021 წლისთვის სხვადასხვა ვაქცინის მილიარდობით დოზას შეიძენს.

„სხვათა შორის, კარგი გადახდის პირობები გაკეთდა კოვაქს-პლატფორმასთან. ჩვენ რომ გადავიხადეთ 4,5 მილიონი წინასწარი შენატანით, ცოტა მეტი გადავიხადეთ, მაგრამ გადავიხადეთ იმ პირობით, რომ შეგვეძლება ვაქცინის არჩევა. ანუ რასაც გიკარნახებენ ის კი არ შემოიტანო, ანუ შენ შეარჩიო ვაქცინა. ამიტომ, დიდი ალბათობით, ეს იქნება ჩემი გადასახედიდან სადღაც მარტი-აპრილისთვის. მაგრამ, ამავე დროს დავალება არის საკოორდინაციო საბჭოსი და ჩვენც ვმუშაობთ პირდაპირ შესყიდვებზე, გარდა კოვაქს-პლატფორმისა რამდენიმე კომპანიასთან. პარასკევსაც დიდი ტელეკონფერენცია გვქონდა Astra Zeneka-სთან და ოქსფორდის ვაქცინასთან პირდაპირ შესყიდვებთან დაკავშირებით“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, პროცესში საქართველოს საელჩოებიც არიან ჩართულნი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.