აკაკი ზოიძე: დღეს ეპიდემიოლოგიური კუთხით, ცეცხლი უკიდია ჩვენს ქვეყანას

აკაკი ზოიძე: დღეს ეპიდემიოლოგიური კუთხით, ცეცხლი უკიდია ჩვენს ქვეყანას

აკაკი ზოიძე მთავრობის მიერ ახალი შეზღუდვების დაწესებას ერთადერთ სწორ გამოსავლად მიიჩნევს. ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა „ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, რამდენად შევძლებთ ამ რეგულაციების აღსრულებას, ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან ორ კვირაში უნდა გვქონდეს კლება.

„გეგმა ორ თვეზე არის გაწერილი, რადგან მანამდე შევძლოთ ხანძრის ჩაქრობა. დღეს ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ცეცხლი უკიდია ჩვენს ქვეყანას, რადგან შემთხვევათა ზრდის ასეთი ტემპი მეტყველებს იმაზე, რომ ერთი თვის წინ, ორი კვირის წინ რეალურად ვერ ვიცავდით რეგულაციებს“, - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

მისივე თქმით, ილუზია არავის არ უნდა ჰქონდეს, რომ თუნდაც ორ თვეში შევძლებთ დაბრუნებას ზაფხულის დროინდელ მდგომარეობაში.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 127 942 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 106 328-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 195 მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმშია 2 076 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 6 286 პაციენტი. ​კოვიდ-სასტუმროში 3 844 ადამიანი იმყოფება.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.