„ყველას მიზანი უნდა იყოს, რომ საქართველოს პარლამენტში ყველა ის პარტია იყოს წარმოდგენილი, რომელსაც მოქალაქემ ხმა მისცა და პასუხისმგებლობა დააკისრა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ განაცხადა, როდესაც შესაბამის შეკითხვას უპასუხა.
„ვერ ვადევნებ თვალს. გუშინ წავიკითხე, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა, ყველამ თუ ნაწილობრივ, დაფინანსებაზე განაცხადი შეიტანეს. ახლა ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მერწმუნეთ.
სრული პასუხისმგებლობით, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე გეუბნებით, რა თქმა უნდა, ჩვენი ყველას მიზანი უნდა იყოს, რომ საქართველოს პარლამენტში ყველა ის პარტია იყოს წარმოდგენილი, რომელსაც მოქალაქემ ხმა მისცა და პასუხისმგებლობა დააკისრა.
ასე უნდა იყოს, მაგრამ თუ ვიღაც თავისთვის გადაწყვეტს, რომ ეს პასუხისმგებლობა არ აიღოს, ან სხვა მიზნები ამოძრავებს, ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ, ვინც ვგრძნობთ ამ პასუხისმგებლობას, ყველაფერი უნდა დავივიწყოთ: არ შევკრიბოთ პარლამენტი, არ დავამტკიცოთ ბიუჯეტი, არ მივხედოთ ეპიდემიას, ეკონომიკურ კრიზისს და ასე შემდეგ.
ჩვენი მოქალაქე არის ამ ქვეყნის პოლიტიკის განმსაზღვრელი, მან თქვა, რომ გაკისრებთ პასუხისმგებლობას - 1,2,3,5 პარტიას - იმუშავეთ ერთად, რომ დაძლიოთ ეს კრიზისი.
ჩვენ ვიღებთ ამ პასუხისმგებლობას, როგორც აქამდე. თუ ვინმეს ამ პასუხისმგებლობის აღება არ შეუძლია, ეშინია, ან თავისი კომპეტენციის იმედი არ აქვს, ეს მათი გადაწყვეტილებაა, მაგრამ ეს არ აბათილებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ჩვენმა მოქალაქემ დაგვაკისრა“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
ცესკოს საბიუჯეტო დაფინანსების მოთხოვნით 9 პარტიამ მიმართა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად საბიუჯეტო დაფინანსების მიღების უფლება 14-მა პარტიამ მოიპოვა.