კადრები, რომელსაც ფართო აუდიტორია ახალ დოკუმენტურ ფილმში პირველად იხილავს, ფარდას ხდის პირადი ტრაგედიებით გამოწვეულ იმ ტკივილს, რომელიც გრაციოზულობისა და სილამაზის სიმბოლოდ ქცეული ოდრი ჰეპბერნის ღიმილის მიღმა იმალებოდა.
2020 წლის ნოემბრის მიწურულს კინომოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ, ოდრი ჰეპბერნის ცხოვრების შესახებ ახალი დოკუმენტური ფილმი იხილონ. მასში ჰოლივუდის ერთ-ერთი უდიდესი ვარსკვლავი სრულიად ახალებურად წარმოჩნდება. ოდრის პირადი ცხოვრება მისი კარიერის მსგავსად წარმატებული არ ყოფილა, მას ბავშვობიდან მოყოლებული მრავალი ტრავმის გადატანა მოუწია. ასე რომ, მისმა მომღიმარმა სახემ შეცდომაში არ შეგიყვანოთ, რადგან ეს არის ფილმი ქალზე, რომლის ცხოვრებაც დაუსრულებელი სევდითაა მოცული.
მიუხედავად იმისა, რომ ოდრის პირად ცხოვრებაში ტრაგიკული მომენტები მრავლად იყო, ადამიანთა თვალში ის უპირველესად გრაციოზულობისა და სილამაზის სიმბოლოდ დარჩა. ეკრანიდან მომღიმარი ლამაზმანი 1993 წელს სიმსივნით გარდაიცვალა. იქამდე ერთი წლით ადრე კი მან ისეთ პირად საკითხებზე, როგორიცაა მეორე მსოფლიო ომის შედეგად გაღარიბებულ ოჯახში უმამოდ გაზრდა, წარუმატებელი ქორწინებები და მუცლის მოშლით გამოწვეული ტრავმა, საჯაროდ და გულახდილად პირველად ისაუბრა.
ოდრი — ასე ეწოდება დოკუმენტურ ფილმს, რომლის ავტორიც 26 წლის ბრიტანელი რეჟისორი ჰელენა ქოუნია. მასში ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვარსკვლავის ცხოვრების შესახებ აქამდე უცნობი არაერთი დეტალი და ისტორიაა გაცხადებული.
ფილმი იწყება 1992 წელს ჟურნალ Life-ის მიერ ჩაწერილი და აქამდე გამოუქვეყნებელი ინტერვიუთი, სადაც ოდრი საუბრობს მშობლების განქორწინებით მიღებულ ტრავმაზე: "ბავშვობის პირველი და ყველაზე დიდი დარტყმა მაშინ მივიღე, როცა მამამ დაგვტოვა. ამ ტრავმამ უდიდესი კვალი დატოვა ჩემზე და მის შედეგად მთელი ცხოვრება არასრულფასოვნების, დაუცველობის შეგრძნება გამყვა. მამა ერთ დღეს უბრალოდ გაუჩინარდა. დედამ მითხრა, რომ ის სამოგზაუროდ წავიდა და აღარ დაბრუნდებოდა. ვხედავდი, რომ დედაჩემი ტირილს არ წყვეტდა და ვცდილობდი, მის გვერდით ვყოფილიყავი, მაგრამ 6 წლის ასაკში რთულია, ასეთი მოვლენა ბოლომდე გაიაზრო".
ჰელენა ქოუნი სამი წლის განმავლობაში აგროვებდა დოკუმენტურ მასალას ფილმისთვის. The Observer-თან ინტერვიუში რეჟისორმა ისეთ დეტალებზე ისაუბრა, რომლებიც მუშაობის პროცესში აღმოაჩინა და მისთვისაც მოულოდნელი გამოდგა: "ფილმი იმ ოდრი ჰეპბერნის შესახებ გიამბობთ, რომელსაც მსახიობი ყოველთვის მალავდა პუბლიკისგან. მისთვის წარმოუდგენელი ტანჯვა იყო იმ კომპლექსებით ცხოვრება, რომლებიც მამასთან ურთიერთობამ დაუტოვა. ეს ყველაფერი ოდრის არა მხოლოდ თვითშეფასებაზე, არამედ პარტნიორებთან ურთერთობებზეც აისახებოდა. ასეთი ინტიმური დეტალების გაგება იმ ადამიანზე, რომელიც პირად ცხოვრებას ყოველთვის საიდუმლოდ ინახავდა, ჩემთვის ძალიან უცნაური აღმოჩნდა".
ფილმში ასახულია ოდრის ცხოვრების საკვანძო მომენტები: დაწყებული მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ნიდერლანდებში გატარებული ბავშვობისას განცდილი შიმშილისგან, დამთავრებული ლონდონში გადასვლამდე, სადაც იგი ბალეტის მოცეკვავე გახდა. მაყურებელს ასევე შეეძლება იხილოს არქივში შემონახული კადრები, სადაც ჩანს ის წარმატება, რომელიც ჰეპბერნს ოსკაროსანმა ფილმმა, რომაულმა არდადეგებმა მოუტანა. მისი ვარსკვლავური ცხოვრება გაგრძელდა ისეთ საკულტო ფილმებში მონაწილეობით, როგორებიცაა საბრინა და საუზმე ტიფანისთან.
ამ ამბებს პარალელურად ერთვის ინტერვიუები, სადაც მეგობრები და ოჯახის წევრები კინომაყურებლებს კადრს მიღმა გათამაშებული მოვლენების შესახებ უამბობენ. "ოდრის ცხოვრების ყველაზე დიდი საიდუმლო ის გახლდათ, რომ ის სევდიანი იყო", — ამბობს ოდრის უფროსი შვილიშვილი, ემა ფერერი, რომელიც ბებიის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ დაიბადა.
ფილმის სიუჟეტის ერთ-ერთი მთავარი ხაზი ოდრის ორი წარუმატებელი ქორწინებაა. მისი პირველი ქმარი, მელ ფერერი მსახიობი იყო. მათ ერთმანეთი ბროდვეიზე დადგმულ სპექტაკლში, Ondine-ში მონაწილეობისას გაიცნეს. წყვილი 1954 წელს შვეიცარიაში დაქორწინდა და ვაჟი, შონ ჰეპბერნ ფერერი შეეძინა. მათი თანაცხოვრება 14 წლის შემდეგ განქორწინებით დასრულდა.
ფილმში ჩართულ ინტერვიუში შონ ფერერი მამის რთულ ხასიათზე საუბრობს და მშობლების ბედნიერი თანაცხოვრების პირველ ათ წელს იხსენებს. მისი თქმით, მელ ფერერი მთელი დარჩენილი სიცოცხლე ნანობდა ოდრის დაკარგვას.
ფილმში ასევე ნახავთ, როგორ იპოვა ოდრიმ 25 წლის წინ გაუჩინარებული მამა წითელი ჯვრის დახმარებით. აღმოჩნდა, რომ ოჯახის მიტოვების შემდეგ იგი ბრიტანეთში ფაშისტურ მოძრაობას შეუერთდა. სამწუხაროდ, ირლანდიაში მამასთან შეხვედრამ ოდრის მოლოდინები არ გაამართლა და მას ძველი ტკივილი თავიდან განაცდევინა.
"ოჯახის მხარდაჭერა წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია ადამიანისთვის. მამის რეგულარულად ნახვა რომ შემძლებოდა, მისგან სიყვარულს ვიგრძნობდი და ამ გზით მამა მეყოლებოდა... ყოველთვის ვცდილობდი, რომ ჩემს შვილებს არასდროს განეცადათ ის, რაც მე გადავიტანე. ამგვარი გამოცდილება სიყვარულის გამოხატვისადმი მგრძნობიარეს გხდის. მისი მიღება საოცარი მადლიერებით გავსებს და, ამასთან, მისი გაცემის უდიდესი სურვილი გიჩნდება", — ამბობს ოდრი ფილმში.
ჰეპბერნი 1969 წელს მეორედ დაქორწინდა, ამჯერად იტალიელ ფსიქიატრ ანდრეა დოტიზე, და საცხოვრებლად რომში გადავიდა. მას შემდეგ, რაც 60-იან წლებში ჰეპბერნს მუცელი რამდენჯერმე მოეშალა, წყვილს ვაჟი, ლუკა შეეძინათ. თუმცა ეს ქორწინებაც წარუმატებელი აღმოჩნდა და 1980 წელს დასრულდა.
"ექიმები თავს ევლებიან პაციენტებს, მაგრამ საკუთარ ოჯახებზე ზრუნვა არასოდეს სურთ", — ეს სიტყვები თავად ოდრის ეკუთვნის.
"ფილმის ემოციური მწვერვალია ის მომენტი, როცა ოდრი გვიმხელს, რამდენი ტკივილი იწვნია ნამდვილი სიყვარულის ძიების პროცესში", — ამბობს ქოუნი, — "მათი თანაცხოვრების პერიოდში ანდრეა ფოტოაპარატის ობიექტივში 200-მდე სხვადასხვა ქალთან ერთად დააფიქსირეს. ის წარმოუდგენელი მექალთანე იყო და ოდრი მასთან ძალიან იტანჯებოდა".
მიუხედავად პირად ცხოვრებაში განცდილი უდიდესი ტკივილისა, ოდრი თავისი პოპულარობის ძალასა და მისით მინიჭებულ შესაძლებლობებს ზედმიწევნით აცნობიერებდა. წარმატებული სამსახიობო კარიერის გარდა მას დიდი გავლენა ჰქონდა მოდის სფეროშიც, მაგრამ მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საქველმოქმედო საქმიანობა იყო.
პირადი ცხოვრების სევდა ოდრიმ სხვების დახმარების სურვილად გარდაქმნა. ის აქტიურად თანამშრომლობდა Unicef-თან და ზრუნავდა ომებით განადგურებულ ქვეყნებში მცხოვრებ ბავშვებზე. "ოდრი მთელი ცხოვრება ცდილობდა, სხვებისთვის გაეცა ის სიყვარული, რომელიც თავად არასდროს მიუღია", — აღნიშნავს ქოუნი.