„ხელისუფლებას მოვთხოვოთ ყველა დამნაშავის დასჯა – არ ვაპირებ შევეგუო მხოლოდ ილიჩოვა–მელაშვილის დაკავების ფაქტს“

„ხელისუფლებას მოვთხოვოთ ყველა დამნაშავის დასჯა – არ ვაპირებ შევეგუო მხოლოდ ილიჩოვა–მელაშვილის დაკავების ფაქტს“

თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის 2020 წლის 17 აგვისტოს წერილის საფუძველზე გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება, სისხლის სამართლის საქმეზე – უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე, სსკ–ის 308–ე მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიების პროცესში დაკავებულია კომისიის ორი წევრი – ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა.

აზერბაიჯანისა და საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკებს შორის საზღვრის დემარკაცია–დელიმიტაციისთვის სპეციალური კომისია 1994 წელს შეიქმნა. 1996 წელს ორმხრივად ხელმოწერილ ოქმში ვკითხულობთ, რომ საზღვარი უნდა დადგინდეს 1938 წლის შეთანხმების მიხედვით. ეს შეთანხმება წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის უკანასკნელ რატიფიცირებულ დოკუმენტს, რომელიც დაამტკიცეს აზერბაიჯანისა და საქართველოს საბჭოთა სოციალისტურმა რესპუბლიკების უმაღლესმა ორგანოებმა. კომისია უკვე 25 წელია მუშაობს.

თავდაცვის სამინისტროს კარტოგრაფია–გეოდეზიის დეპარტამენტის უფროსის პოლკოვნიკ ნოდარ ხორბალაძის განმარტებით, თავდაცვის მინისტრის დავალებით 2014 წლიდან აწარმოებდა დამოუკიდებელ მოკვლევას დავით გარეჯის სადავო ტერიტორიასთან დაკავშირებით.

„კარტოგრაფიულ სამმართველოს მოძიებული გვაქვს უამრავი მასალა, რომლის საფუძველზეც შევადგინეთ მოხსენება მინისტრისთვის. კომისიაში ჩემი დანიშვნის მომენტისთვის ივერი მელაშვილი იქ დამხვდა და ჩემს პროფესიულ კითხვებს კომისიის მიერ მოძიებულ მასალებთან დაკავშირებით ბუნდოვნად და არაარგუმენტირებულად პასუხობდა. როდესაც საუბრობდა განსხვავებულად მოაზროვნე პირებზე, იგი მეც მომიაზრებს, რაკიღა ჩემი პოზიციაა, რომ დავით გარეჯის სადავო ნაწილი საქართველოს მხარესაა. შესაბამისად, თვითონ იგი საპირისპიროდ ფიქრობს“, – აცხადებს ნოდარ ხორბალაძე.

ოპოზიცია და მასთან ასოცირებულია მედია ამტკიცებს, რომ დაკავებულები სახელმწიოს მძევლად ჰყავს აყვანილი. მათი მტკიცებით, კომისიის წევრების მხრიდან დანაშაულის ჩადენის ნიშნები არ იკვეთება, თუმცა არ სურთ საუბარი იმაზე, როგორ აღმოჩნდა ჩიჩხიტური და უდაბნოს მონაკვეთი აზერბაიჯანულ მხარეს, ისევე როგორც არ ინტერესდებიან ერთ კონკრეტულ საკითხზე, მაგალითად, 2006 წლის ივლილს გამართულ კომისიის სხდომის ოქმზე, სადაც წერია – მხარეები შეთანხმებული არიან, რომ საზღვარი საქართველო–აზერბაიჯანს შორის გაივლის თხემზე.

კერძოდ, ჩიჩხიტური და უდაბნო აზერებაიჯანულ მხარეს არის დატოვებული. ამ დოკუმეტს ხელს აწერს სწორედ მელაშვილი და ილიჩოვა, ასევე კომისიის ორი წევრი. ამ სკანდალურ დოკუმენტზე ხელის მოწერით ამ ადამიანებმა თავისი პოზიცია გამოხატეს იმაში, ჩიჩხიტური და უდაბნოს მონასტერი არის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. აქ მნიშვნელოვანი დეტალია ისიც, რომ ოქმს ხელს არ აწერს კომისიის თავმჯდომარე, საგარეო საქმეთა მინისტრის, გელა ბეჟუაშვილის მოადგილე, გიორგი მანჯგალაძე, რომელიც პროტესტის ნიშნად საერთოდ წავიდა სისტემიდან.

ამის მიუხედავად, ოპოზიციაში ამტკიცებენ, რომ ხელისუფლებამ ეს თემა წინასაარჩევნოდ გამოიყენა, რაშიც ეხმარებოდა საქართველოს საპატრიარქო. საპასუხოდ, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მამა ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ ჩვენ ვლაპარაკობთ სიწმინდეებზე და არა კარტოგრაფებზე, ამას თანმდევი რა მოჰყვება, ეს საპატრიარქოს საკითხი არ არის. მისი თქმით, საპატრიარქოს პოზიციაა, რომ საზღვარი გაივლოს ისე, რომ რაც საქართველოს სიწმინდეებია, ის მოხვდეს ქვეყნის ტერიტორიაზე.

„ჩვენ გვქონდა ვრცელი გადაცემა, დეტალურად ავხსენით, გამოვაქვეყნეთ ის ოქმები, რომელიც ხელმოწერილია ამ კომისიის მიერ, დეტალურად გადავიღეთ ეს ადგილები და დევს ჩვენი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის გვერდზე. ჩვენ ვლაპარაკობთ სიწმინდეებზე და არა კარტოგრაფებზე, ჩვენ ვალაპარაკობთ ეროვნული მნიშვნელობის საკითხზე, ამას თანმდევი რა მოჰყვება, ეს ჩვენი საკითხი არ არის. ეს გამოძიებას უნდა ჰკითხოთ. საპატრიარქოს პოზიცია არის, რომ საზღვარი ისე უნდა გაივლოს, რაც ჩვენი სიწმინდეებია, ის მოხვდეს ჩვენს ტერიტორიაზე“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისიას მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

მისი თქმით, დავით გარეჯა არის ჩვენი ქვეყნის კულტურისა და ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, რომელზედაც დგას ქართული იდენტობა.

„დღეს ჩვენ ვხედავთ მცდელობას, რომ ამ ეროვნული და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმის ანტროფომორფიზმი მოხდეს და დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიების პრობლემა ორი ადამიანის ტრაგედიამდე დავიდეს. სრულიად უცნაური შედეგი მოიტანა ამ თემის წარმოჩენამ საზოგადოებაში. ამ საკითხზე მსჯელობისას, პარალელურად ირთვება რაღაც მექნიზმები და ადამიანებს ადანაშაულებენ უცხო ქვეყნის ინეტრესების გატარებაში.

იმის ნაცვლად, რომ ყველა ერთად გავერთიანებულიყავით ამ თემის გარშემო, ყველას ერთად გაგვხარებოდა, რომ დგება ჟამი, როდესაც ჩვენი იდენტობის უმთავრესი ნაწილი, დიდი სიწმინდეები – უდაბნოს მონასტერი და ჩიჩხიტური კვლავ საქართველოს საზღვრებში უნდა მოექცეს, საპასუხოდ ვიღებთ პოლიტიკურ სპეკულაციებს, რაც ძალიან სამწუხაროა“, – აღნიშნა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

ისტორიკოსის, პროფესორის გიორგი ოთხმეზურის განცხადებით, დავით გარეჯის ძეგლი ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს, რასაც მე–9–10 საუკუნეების უძველესი ფრესკული მხატვრობა ადასტურებს. მისი თქმით, საქმის მასალებით, რომელიც გამოქვეყნდა, არც ერთ ნაწილში არ ჩანს დაკავებული კომისიის წევრების უდანაშაულობა. როგორც ისტორიკოსი აცხადებს, სამწუაროდ, ეს ადამიანები არიან დამნაშავეები.

„ეს რუკა, რომელიც ჩვენს სასარგებლოდ აჩვენებდა საზღვარს, გაქრა, მერე გამოჩნდა, რომ მათაც სცოდნიათ ამის შესახებ და ამათაც ჰქონიათ ეს რუკა. ხომ ფაქტია, რომ რუკა დამალეს და ხელი მოაწერს ქვეყნისთვის წამგებიან დემილიტაციის საკითხს. საბედნიეროდ დემარკაცია არ განხორციელებულა. ფაქტია, რომ პოლიტიკური მოლაპარაკება მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, რომ აზერბაიჯანის მხარეს მოხვედრილიყო ეს ტერიტორია და გამოაჩინეს საქართველოს საზიანო რუკები, ამაშია საქმე.

მოვისმინეთ ზურაბ ნოღაიდელის და სააკაშვილის ჩანაწერები, სადაც სააკაშვილი პირდაპირ აცხადებს, რომ სიმაღლეებზე დადგებიან აზერბაიჯანელი მესაზღვრეები, მათი იქნებაო და მონასტრები იქნება ჩვენიო. ე.ი. მოელაპარაკა და გამოგვიცხადა ჩვენც. მეტი რა ფაქტი და მტკიცება სჭირდება ამას, თავისი პირით აქვს ნათქვამი ეს. მეტი მტკიცებულებაც არც არის საჭირო“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას გიორგი ოთხმეზურმა.

სტრატეგიული კვლევების სტრატეგიული ცენტრის ხელმძღვანელი, მამუკა არეშიძე ამბობს, რომ საქმე ეხება ქვეყნის კულტურისა და ისტორიის უმნიშვნელოვანეს ნაწილს, რომელზედაც დგას ქართული იდენტობა. მისი თქმით, ჩვენ გვაქვს საკმაოდ დამაჯერებელი არგუმენტები და ფაქტები ამ დავაში. რაც შეეხება ოპონენტების ბრალდებას, რომ დავით გარეჯის თემა ხელისუფლებამ წინასაარჩევნოდ გამოიყენა, არეშიძე პასუხობს, რომ ზუსტად მათი ტექსტია არჩევნების კონტექსტში, რომ მიწინააღმეგის დანაშაული არ გამოაჩინონ და თავისი დანაშაული დამალონ.

„ვგულისხმობ ორიათასიანი წლების პირველ ნახევარში ჩადენილ დანაშაულს. კომისიამ მუშაობა დაიწყო 1996 წელს. 2006 წელს გარკვეული პროცესი დაასრულა კომისიამ და ამ პროცესის შედეგების მიხედვით, უცებ ჩიჩხიტურის კოშკში და უდაბნოს ქვაბულებში გამოჩნდნენ აჯერბაიჯანელი მესაზღვრეები. ლოგიკა ხომ არის ამაში, 10 წელი იმუშავეს და უცებ გამოჩნდნენ მესაზღვრეები. პირველი განგაში 2007 წელს ატეხა საპატრიარქომ, ამას მოჰყვა პრეზიდენტი სააკაშვილის განმარტება, რომლის შინაარსი ასეთი იყო - მე მოველაპარაკე აზერბაიჯანის პრეზიდენტს და ტერიტორია აზერბაიჯანის არის, მაგრამ ძეგლი ჩვენია, აბსოლუტურად გაუგებარი განმარტება იყო.

ამის მიუხედავად არ დაცხრა საზოგადოების ინტერესი, რაზეც პასუხი იყო იმგვარი, როგორიც გაგვცა ერთხელ ნიკა რურუამ, შემდეგ ნინო კალანდაძემ და გოკა გაბაშვილმა, რომ ეს არის აზერბაიჯანის ტერიტორია. ამ ფიგურების გარდა, ეს ტექსტი სულ ისმოდა ყოფილი ხელისუფლების ლექსიკაში“, – აცხადებს მამუკა არეშიძე.

მისი თქმით, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, პირველი ორი წელი ეს საკითხი ისმოდა, მაგრამ მჭახედ არა. არეშიძის შეფასებით, ამ ნაწილში სამართლიანია ხელისუფლების მიმართ საყვედური, რატომ არ დაიწყო ხელისუფლებამ ამ საქმეზე ზრუნვა 2013 წელს?

„ბევრი საკითხი იყო გასარკვევი, მათ შორის დოკუმენტები და რუკები იყო გამქრალი. პირადად 2016 წლიდან ვარ ამ საქეში ჩართული. ჩემი და სხვა რამდენიმე ადამიანის ამოცანა იყო, ჩვენი კავშირებით ამ რუკების მოძიება. ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსია, წლების განმავლობაში დოკუმენტების მოძიება იყო გართულებული. ამ დოკუმენტების მოძიების კონტექსტში 2020 წლის თებერვალში გაიხსნა ერთი პატარა კარი, როდესაც ამ საქმეს სათავეში ჩაუდგა სხვა ადამიანი.

ჩვენმა არხებმა ვერ იმუშავეს. ნიშანდობლივ ფაქტს გეტყვით. ყველა ამ საქმის გულშემატკივარი, ვინც ტრიალებდა ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვადასხვა დედაქალაქებში, მათგან საბოლოო პასუხი ასეთი იყო – „ყველგან გვხვდება კედელი, რაღაც მომენტამდე მივდივართ და მერე ვერაფერს ვერ ვაკეთებთ“. პატარა კარი გაიხსნა თებერვალში. რუკების პოვნა შესაძლებელი გახდა 2020 წლის ივნისში, თუმცა გახმაურების უფლება არ მქონდა. არ გამოვრიცხავ, რომ ის კარები რომელიც წლების განმავლობაში იყო ჩაკეტილი, გაიხსნა ან ძალიან დიდი ფულის გამო, ან პოლიტიკური მოსაზრებების გამო. არ ვიცი, ვერ გეტყვით“, – აცხადებს არეშიძე.

სტრატეგიული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ თუ გამოძიება მხოლოდ ილიჩოვა–მელაშვილით შემოიფარგლება, არ აპირებს ამ რეალობას შეურიგდეს. მისი თქმით, პასუხისგებაში უნდა მიეცნენ მათი ზემდგომებიც.

„პრეზიდენტ სააკაშვილამდე მივა თუ არა გამოძიება, მე არ ვიცი, მაგრამ გამოძიება უნდა გაგრძელდეს. ამბობენ, რომ ეს თემა მისადაგებული იყო არჩევნებზე, დავუშვათ, რომ ასე იყოს, დამისახელეთ მსოფლიოში ხელისუფლება, რომელსაც უნდა ხელისუფლებაში დარჩენა, რომელიც ასეთ თემას არ გამოიყენებს? რა მნიშვნელობა აქვს არჩევნებისთვის იყო მისადაგებული, აქ ხომ ქართული იდეის ნაწილზე არის საუბარი. მთავარია სიმართლე დადგინდეს და რა მნიშვნელობა არჩევნებს მიუსადაგეს თუ არა?!

ამიტომ თავი დავანებოთ სპეკულაციებს და ხელისუფლებას მოვთხოვოთ ყველა დამნაშავის დასჯა – არ ვაპირებ შევეგუო მხოლოდ ილიჩოვა–მელაშვილის დაკავების ფაქტს. კიდევ ერთი, ამ ხმაურიში უყურადღებოდ რჩება ერთი საკითხი და ეს არის – ხუჯაბი, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს იყო მარნეულის ტერიტორიაზე, დღეს სომხეთის ტერიტორიაზეა. ჩვენ თუ არ მივხედეთ და არ მოვუარეთ საქართველოს სულიერების საგანძურს, ვიქცევით გაძარცვულ ქვეყანად. ისედაც ხომ ვგძნობთ, რომ ის სულიერება, რომელიც იყო საქართველოს შინაგანი კულტურის ნაწილი, ნელ–ნელა იკარგება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ენა იკარგება, თუ მოვისმენთ რა ტიპის ენა ისმის მედიასივრციდან“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას მამუკა არეშიძემ.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ამ საქმეშე ასახსნელია ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, კერძოდ, რატომ აღმოჩნდა დავით გარეჯის გასხვისების საქმე ასეთი მდგრადი? მისი თქმით, ფაქტია, რომ ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად, ამ საკითხისადმი დამოკიდებულება არ შეცვლილა.

„სწორდ აქ არის ძაღლის თავი დამარხული. სოციალურ ქსელის მომხმარებელმა ასეთი რამე დაწერა – „კონცერტზე ვინ რა კაბას ჩაიცვამდა, მიშა იმასაც კი აკონტროლებდა და ასეთ პროცესს უკონტროლოდ როგორ გაუშვებდაო“. არ შეიძლება არ დაეთანხმო, მით უმეტეს იმ პიროებებში, როდესაც სააკაშვილის გარეშე არ ხდებოდა არაფერი, თუ არ იქნებოდა მისი ნებართვა.

ვნახოთ, ამ სიტუაციაში როგორ მოიქცევა ხელისუფლება. მიჭირს იმის თქმა, ჩააბარებენ თუ არა გამოცდას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ გარეჯის თემა არ იყო საარჩევნო თემა. ასე რომ ყოფილიყო, თვითონ არჩევნებში იქნებოდა ამ საქმის ტრიალი უფრო ინტენსიური. ამიტომ, ვეჭვობ, რომ ჩანაფიქრი არჩევნებისთვის გამოყენება ყოფილიყო. მე ვვარაუდობ, რომ ქართულ–აზერბაიჯანულ მხარეს იყო ამაზე საუბარი. ამიტომ მგონია, რომ ეს საუბარი არ იქნებოდა მარტო ზალკალიანის კაბინეტში“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.