ჯანმო: მეცნიერთა ჯგუფი ჩინეთში გაემგზავრება და კორონავირუსის წარმოშობის შესახებ გამოძიებას გააგრძელებს

ჯანმო: მეცნიერთა ჯგუფი ჩინეთში გაემგზავრება და კორონავირუსის წარმოშობის შესახებ გამოძიებას გააგრძელებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფი ჩინეთში გაემგზავრება და კორონავირუსის წარმოშობის შესახებ გამოძიებას გააგრძელებს.

„ზაფხულში ჩინეთში ჯანმოს თანამშრომელთა გუნდი გავაგზავნეთ, რათა ჩინელ კოლეგებთან ერთად განეხილათ, თუ რა ტიპის კვლევების ჩატარებაა საჭირო, რის შედეგადაც სამუშაოების ორი ფაზა გამოვყავით“, - განაცხადა ჯანმოს წარმომადგენელმა, მარია ვან კერხოვემ.

მარია ვან კერხოვეს თქმით, შემდეგ ეტაპზე ჩინეთში მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფის გამგზავრება იგეგმება.

თავის მხრივ, ჯანმოს საგანგებო პროგრამების დირექტორმა, მაიკ რაიანმა აღნიშნა, რომ გამოძიების პროცესში ჯანმო პროგრესის მიღწევას მოელის არა მხოლოდ ვირუსის ცხოველური წარმოშობის დადგენის კუთხით, არამედ იმასთანაც დაკავშირებით, თუ როგორ შეუძლია ვირუსს ერთი სახეობიდან მეორეზე გადასვლა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.