ვახტანგ ჭარაია: წერტილოვანი შეზღუდვები თუ დროულად არ მივიღეთ, შემდეგ ლოკდაუნი გარდაუვალი იქნება

ვახტანგ ჭარაია: წერტილოვანი შეზღუდვები თუ დროულად არ მივიღეთ, შემდეგ ლოკდაუნი გარდაუვალი იქნება

სრული ლოკდაუნის მომხრე ნამდვილად არ ვარ, მაგრამ წერტილოვანი შეზღუდვები თუ დროულად არ მივიღეთ, სამწუხაროდ, შესაძლოა, სიტუაცია ხელიდან გაგვექცეს. ასეთ შემთხვევაში კი ლოკდაუნი გარდაუვალი იქნება, - ამის შესახებ ეკონომიკურმა ექსპერტმა ვახტანგ ჭარაიამ გადაცემაში „იმედის ქრონიკა“ განაცხადა.

ჭარაიამ მოუწოდა ხელისუფლებას, უახლოეს დღეებშივე გადადგას პირველი ნაბიჯები, არსებული ინფიცირების შემთხვევების რაოდენობის შესამცირებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, ვერც ჯანდაცვის სექტორი და ვერც ქვეყნის ეკონომიკა იმ დატვირთვასა და ხარჯს ვერ გაუძლებს, რაც თუნდაც დღესაა.

„კოვიდ ვირუსი უკვე კრიტიკულად გვიწევს და ის ხარჯი, რომელიც ჯანდაცვაზე ჩვენ ყოველდღიურად გვჭირდება, ისეთ ნიშნულებს აღწევს, რომ ძალიან კარგი იქნებდა სხვაზე დაგვეხარჯა. მაგალითად, ერთი პაციენტის მკურნალობა საავადმყოფოში დღეში, დახლოებით, 250 ლარი გვიჯდება, სასტუმროში - ასი ლარი, ერთი ტესტი, რომელიც დღესში 10 ათასი ტარდება, 120 ლარი ჯდება, შესაბამისად, თვეში ჯამურად 100 მლნ ლარი გვეხარჯება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯერ კიდევ პიკზე არ მისული პანდემიის ფინზე. თუ მდგომარეობა გართულდება, შესაძლოა, ეს მაჩვენებელი 2-2,5-ჯერ გაიზარდოს. შესაბამისად, ბიუჯეტზე ფინანსური ტვირთი ძლიან დიდია.

ასევე, ამას ემატება ის, რომ ბიუჯეტს მიუღებელი შემოსავლები ექნება, რომელსაც წესით ბიუჯეტი ელოდება. ამიტომ, შესაძლოა, კიდევ ერთხელ საგარეო ვალის აღება მოგვიწიოს ან მოსახლეობას ვერ დავეხმაროთ იმ დოზით, როგორც მას სჭირდება. საკმოდ რთული მდგომარეობაა და ამდენად, ეკონომიკის შესუსტება ამ მომენტისთვის გარდაუვალი პროცესია“, - განაცხადა ჭარაიამ.