რთული სიტუაციაა, გვაქვს ინფიცირებულთა დრამატული ზრდა. ძალიან კარგი იყო პირველ პერიოდში რომ გამოვდიოდით და შედარებით საიმედო ინფორმაციის მოცემა შეგვეძლო, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.
„რისი ბრალია? მოსახლეობის, ჩვენი ბრალია. ეტყობა არ ვიცავთ ყველაფერს ისე, როგორც საჭიროა და ამიტომ მოხდა ასეთი დრამატული ზრდა. სულ ერთსა და იმავეს ვამბობთ, მაგრამ რაღაცნაირად უნდა გაითავისოს მოსახლეობამ, რომ დაიცვას რეგულაციები. დღეს მითხრეს, რომ პაციენტი რომელიც იყო ინფიცირებული, სამარშრუტო ტაქსიში იჯდა. ეს უკვე ყველა ზღვარს სცილდება“, - განაცხადა ენდელაძემ.
მარინა ენდელაძემ მოსახლეობას მოუწოდა, რომ პანდემიისას შემოღებული წესები დაიცვას. „ძალიან გთხოვთ გაუფრთხილდით საკუთარ თავს, ოჯახებს, გაგვიფრთხილდით ექიმებს და გაუფრთხილდით სახელმწიფოს“, - აღნიშნა ენდელაძემ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 108 690 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 89 170-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 012 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.