სისტემური „ლოკდაუნი“ არ იგეგმება. ჩვენ ვიხილავთ ბიზნესთან იმ შესაძლო შეზღუდვებს, რომელიც ერთი მხრივ აუცილებელია ვირუსის გავრცელების შენელებისთვის და მეორე მხრივ რაც შეიძლება ნაკლებად დააზიანებს ჩვენს ბიზნეს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„სისტემურ „ლოკდაუნს“ ვერ გამოვაცხადებთ. ეკონომიკური განვითარება, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენ მთელი ქვეყნის მასშტაბით სისტემური ლოკდაუნი გამოვაცხადოთ, მაგრამ ძალიან აქტიურად განვიხილავთ წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოების ან დამატებითი შემოღების აუცილებლობას და ეს განპირობებულია ეპიდემიის გავრცელების დინამიკით.
დღეს დაახლოებით 4 ათასი შემთხვევა გვქონდა. ყველას გვესმის რომ ასეთი მაღალი გავრცელების დინამიკა უარყოფითად აისახება, მათ შორის ეკონომიკაზეც.
ამიტომ ყველას საერთო ამოცანაა რაც შეიძლება სწრაფად შევანელოთ ეპიდემიის გავრცელება და ამით ჩვენ მოსახლოებას, სავაჭრო ქსელებს და ბიზნეს მივცემთ ჩვეულებრივი საქმიანობის აღდგენის შესაძლებლობას, რომელიც აუცილებელია მათი ეკონომიკური სიძლიერისთვის“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 108 690 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 89 170-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 012 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.