მაია ბუწაშვილი: სამწუხაროდ, ყველა რეკორდი მოვხსენით, გაზაფხულზე ამას არავინ ელოდა

მაია ბუწაშვილი: სამწუხაროდ, ყველა რეკორდი მოვხსენით, გაზაფხულზე ამას არავინ ელოდა

სამწუხაროდ, ყველა რეკორდი მოვხსენით, გაზაფხულზე ამას არავინ ელოდა, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ეთერში ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა დღევანდელ ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

„სტატისტიკა მართლაც ძალიან ცუდია. მთავარი პრობლემა ახლა ის არის, რომ ადამიანების ჰოსპიტალიზაცია გართულებულია, საწოლები გადავსებულია და ახლა მთელი ჩვენი ძალისხმევა იქითკენ უნდა იყოს მიმართული, რომ ეს რესურსი გონივრულად გამოვიყენოთ.

ადამიანებმა თვითონ უნდა გააცნობიერონ, თუ ექიმი ეუბნება, რომ აუცილებელი არ არის სტაციონარი, ნუ ცდილობენ საავადმყოფოში შემოვლითი გზებით მოხვედრას და ასეთი არაერთი შემთხვევაა. ეს მდგომარეობა სწრაფად უნდა გამოსწორდეს. ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ გავაცნობიერეთ ჩვენს დღევანდელ მდგომარეობას, ადამიანები ისევ ისე წარმატებით იკრიბებიან, იხდიან წვეულებებს, დაბადების დღეებს. თავშეყრები მაქსიმალურად უნდა შევზღუდოთ. როგორღაც ვირუსი უნდა შევაკავოთ“, - განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 108 690 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 89 170-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 012 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.