მაია ბუწაშვილის განმარტებით, კოვიდვაქცინა საქართველოში შესაძლოა 2021 წლის დასაწყისში, რისკის ჯგუფის მქონე ადამიანებისთვის შემოვიდეს. ამის შესახებ ინფექციონისტმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
„დეკემბერში ამერიკის ზოგიერთ შტატში იწყება ვაქცინაცია გარკვეულ ჯგუფებში. რამდენიმე ვაქცინამ წარმატებას მიაღწია და ფინისში გავიდა. ახლა ჯერი მწარმოებლებზეა. ადვილი არ იქნება, რომ ერთი ხელის დაკვრით ამხელა მოთხოვნა დააკმაყოფილოს მწარმოებელმა კომპანიებმა.
მასიური ვაქცინაცია ჩვენი მოსახლეობის, ასე მარტივად ვერ მოხდება და ეს არარეალისტურია. თუ ჩვენი სახელმწიფო მოახერხებს იმას, რომ რისკჯგუფებისთვის რაღაც რაოდენობა შემოიტანოს, ეს დიდი გამარჯვება იქნება და ამის იმედი გვაქვს“, -აღნიშნა მაია ბუწაშვილმა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 108 690 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 89 170-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 012 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.