თამარ გაბუნია: ჯერ კიდევ ვერ ვამბობთ, არის თუ არა ეს პიკი

თამარ გაბუნია: ჯერ კიდევ ვერ ვამბობთ, არის თუ არა ეს პიკი

საყურადღებო ის არის, რომ ჯერ კიდევ ვერ ვამბობთ, ეს არის პიკი თუ შემდეგი მატება ჯერ კიდევ წინ გვაქვს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად დაიცავს საზოგადოება წესებს, მათ შორის პირბადის გამოყენებას.

„ამდენად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ნოემბრის ბოლო იქნება ძალიან საყურადღებო, თუმცა პრევენციული ღონისძიებებით შესაძლებელია გარკვეული სტაბილიზაცია. თუნდაც ამ 4000-იან მაჩვენებელზე შევნარჩუნდეთ გარკვეული პერიოდი. სულ მცირე 2-3 კვირა მაინც დასჭირდება იმას, რომ სტაბილიზაციის შემდეგ კლება მივიღოთ, მაგრამ ეს აუცილებლად იქნება იმ შემთხვევაში, თუ ყველა წესს დავიცავთ. მათ შორის პირბადე არის კრიტიკული ფაქტორი“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 108 690 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 89 170-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 012 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.