ბიძინა კულუმბეგოვი: საავადმყოფო სჭირდება მხოლოდ იმ ადამიანს, ვისაც ესაჭიროება ჟანგბადი, ყველა სხვა პაციენტი უნდა იყოს ბინაზე

ბიძინა კულუმბეგოვი: საავადმყოფო სჭირდება მხოლოდ იმ ადამიანს, ვისაც ესაჭიროება ჟანგბადი, ყველა სხვა პაციენტი უნდა იყოს ბინაზე

ჩვენ შეუსაბამობა გვაქვს დაავადებულ პაციენტებს შორის მძიმე და კრიტიკულ პაციენტებს შორის და რეანიმაციულ საწოლებს შორის. ბუნებრივად დგება ამ შემზღუდავი ღონისძიებების შემოღების აუცილებლობა, - ამის შესახებ ინფექციონისტმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა. მისი აზრით, საქართველოში ეპიდვითარება კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება.

„ერთადერთი, მსოფლიოში ქვეყნები მსჯელობენ და დავობენ, ეს ადრე ხომ არ ჯობდა, ხომ არ გვიანდება. რასაკვირველია, ამაზე შეიძლება ვიდავოთ, მაგრამ ლოკდაუნი და შეზღუდვები გვჭირდება თუ არა, ეს არის უბრალოდ ობიექტური მოცემულობა. სახელმწიფო ვერ დაელოდება, ადამიანები სახლში ჟანგბადის გარეშე როდის გარდაიცვლებიან. ამის დაშვება უბრალოდ არ შეიძლება. ამიტომ, სამწუხაროდ, ვუახლოვდებით კრიტიკულ ზღვარს იმიტომ, რომ დღითიდღე რთულდება პაციენტების ჰოსპიტალში მოთავსება“, - ამბობს კულუმბეგოვი.

მისი თქმით, არის ფაქტები, როდესაც მოქალაქეები იმ შემთხვევაშიც კი ცდილობენ ახლობლების კლინიკაში მოთავსებას, როდესაც ეს აუცილებელი არ არის.

„რეალურად საავადმყოფო სჭირდება მხოლოდ იმ ადამიანს, ვისაც ესაჭიროება ჟანგბადი. ყველა სხვა პაციენტი უნდა იყოს ბინაზე. მაგრამ ეს ძალიან რთულია ჯერჯერობით საქართველოში. 35%-ზე მეტი რჩება საავადმყოფოში, როდესაც მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყანაში პაციენტების ჰოსპიტალიზაციის რიცხვი არის 15%-დან მაქსიმუმ 20%-მდე“, - აღნიშნავს ინფექციონისტი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 108 690 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 89 170-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 012 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.