კორონავირუსის პანდემია სანტა კლაუსს შობის ღამეს საჩუქრების დარიგებაში ხელს არ შეუშლის. ამის შესახებ USA Today-ს აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განუცხადა.
მისი თქმით, ამის მიზეზი ის არის, რომ სანტას დაინფიცირება არ ემუქრება.
„სანტა ამისგან თავისუფალია, რადგან სხვა კარგ თვისებასთან ერთად, მას თანდაყოლილი იმუნიტეტიც აქვს. სანტა არავის არანაირ ინფექციას არ გადასდებს“, - განაცხადა ფაუჩიმ.
ის პირველი ოფიციალური პირი არ არის, რომელმაც პატარები დაამშვიდა. გასულ კვირას იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ 5 წლის ბიჭის წერილს უპასუხა, რომელიც ღელავდა შეძლებს თუ არა წელს სანტა მისთვის საჩუქრების მიტანას. პრემიერის თქმით, სანტაზე ვირუსთან ბრძოლის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები არ ვრცელდება, ამასთან ის პირბადეს ატარებს და დისტანციას იცავს.
ანალოგიური განცხადება გაკეთდა ბელგიაშიც, სადაც ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა სანტას ოფიციალური წერილი გაუგზავნა და დაარწმუნა, რომ სანტას ბელგიაში ჩასვლის შემდეგ 10-დღიანი კარანტინის გავლა არ მოუწევს. ამასთან, ფრანკ ვანდენბრუკმა სანტას პირბადის ტარების და დისტანციის დაცვის აუცილებლობის შესახებ შეახსენა.