მაკა ბულეიშვილი: მიზანშეწონილი იქნება თუ შეზღუდვების დამატება​ მოხდება

მაკა ბულეიშვილი: მიზანშეწონილი იქნება თუ შეზღუდვების დამატება​ მოხდება

ყოველდღიურად შემთხვევების კიდევ უფრო მეტ მატებას ველოდებით, იქიდან გამომდინარე რომ სეზონი ახლოვდება იმ სეზონური ინფექციების რომლებიც ამ სეზონისთვის დამახასიათებელია, - ამის შესახებ პროფესორი, ექიმი-თერაპევტმა მაკა ბულეიშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა. მას მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია თითოეულმა ადამიანმა პანდემიასთან ბრძოლაში საკუთარი პასუხისმგებლობა გაიაზროს.

„მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გარკვეული შეზღუდვები, მიზანშეწონილი იქნება თუ კი მოხდება ამ შეზღუდვების დამატება. მხოლოდ ამ შემთხვევაში გვექნება ექიმებს საშუალება, რომ მოვახერხოთ ის, რისი გაკეთებაც შეგვიძლია. ჩვენი რესურსებიც თანდათანობით ამ ყველაფერს ალბათ ვეღარ გაწვდება და აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თუ კი რაიმე გარკვეული შეზღუდვების დაწესება მოხდება. თუმცა ეს არ არის ექიმების გადასაწყვეტი, ამას უფრო ჩვენი რეკომენდაციების გათვალისწინებით სხვა ჭრილში განხილული იქნება შესაბამისი უწყებების მიერ“, - მიიჩნევს ბულეიშვილი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 104 732 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 85 639- ს შეადგენს. გარდაიცვალა 976 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.