ანალიტიკოსი პოლ ჯოიალი პროგნოზირებს, რომ კავკასიაში რუსეთის პოზიციების გაძლიერების ფონზე დასავლეთისთვის საქართველო კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რეგიონალური აქტორი ხდება, რომელიც ერთგულად განაგრძნობს სვლას დემოკრატიის განვითარების გზაზე. „იმედის კვირასთან“ საუბარში ჯოილი ხაზს უსვამს, რომ დასავლეთისა და საქართველოს კავშირი ახლა უფრო მაღალ ნიშნულს მიაღწევს, რასაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს თბილისში ვიზიტი ადასტურებს.
„აშკარაა, რომ რეგიონი ახლა არეულობაშია მრავალ ფრონტზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვფიქრობ, ახლა შეერთებული შტატების მთავრობის გადმოსახედიდან, საქართველოში სტაბილურობა უკიდურესად მნიშვნელოვანია მისი გეოსტრაგეიული მდებარეობის გამო. მე ჩემს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად საქართველოს გასულ ოქტომბერში ვესტუმრე და პირადად ვნახე ის პროგრესი, რასაც ქვეყანამ ბოლო წლებში მიაღწია. ახლა რეგიონში არსებული ახალი მოცემულობიდან გამომდინარე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება საქართველოში სტაბილურობა, თანამშრომლობა დასავლეთთან, შიდაპოლიტიკური დუღილის ტემპერატურის დაბლა დაწევა და არა რუსული ინტერესების გაძლიერება ქვეყნის შიგნით დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობებით“, - განაცხადა ჯოიალმა.
მან ქვეყანაში განვითარებულ შიდა პოლიტიკურ ვითარებაზეც ისაუბრა.
„საქართველოს აქვს ახალი კონსტიტუცია, რომელიც პარლამენტში იმაზე მეტი პოლიტიკური პარტიის წარმოდგენის შესაძლებლობას იძლევა, ვიდრე საქართველოს ისტორიაში ოდესმე ყოფილა. მაგრამ, როგორც ჩანს, პოლიტიკური ოპოზიცია შეპყრობილია იმით, რომ უარი თქვას არჩევნების შედეგების აღიარებაზე, რაც არაჯანსაღია საქართველოს შემდგომი ურთიერთობებისთვის არა მხოლოდ შტატებთან, არამედ ევროკავშირთანაც“, - მიიჩნევს ანალიტიკოსი.