ირაკლი კობახიძე: ჩვენ როგორც პირველ, ისე მეორე ტურში ვიხილეთ, რომ ქართველი ხალხის არჩევანი არის დასავლეთი, ევროპა და ნატო

ირაკლი კობახიძე: ჩვენ როგორც პირველ, ისე მეორე ტურში ვიხილეთ, რომ ქართველი ხალხის არჩევანი არის დასავლეთი, ევროპა და ნატო

პარლამენტის სხდომათა დარბაზში ერთხელ უკვე მოგვასმენინეს რუსეთის ჰიმნი და იგივეს აპირებენ ახლა, შეიძლება „თბილისოც“ წარმოადგინონ ქართულ-რუსულ ენებზე, - ასე უპასუხა, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ გავრცელებუოლ ინფორმაციას, რომ ოპოზიცია „ქართული ოცნების“ ოფისთან საბჭოთა ჰიმნის ჩართვას გეგმავს.

„ჩვენ ვიხილეთ როგორც პირველ, ასე მეორე ტურში ქართველი ხალხის არჩევანი არის დასავლეთი, ევროპა, ნატო და შესაბამისად სწორედ ამას დაუჭირა მხარი ქართველმა ხალხმა საპარლამენტო არჩევნებში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან „ლეიბორისტული პარტიის“ წევრებმა სსრკ-ის ჰიმნი ჩართეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციის ნაწილი „ქართული ოცნების“ ოფისთან საბჭოთა ჰიმნის ჩართვას გეგმავს.

საქართველოს მასშტაბით, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის პროცედურა დასრულდა. ამომრჩეველს ხმის მიცემის უფლება სწორედ 20:00 საათამდე ჰქონდა. 17 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურში 7 პარტიის წარმომადგენლები გავიდნენ. თუმცა ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულს უწოდებს და მეორე ტურში არ მონაწილეობს.

21 ნოემბრის არჩევნების მეორე ტურზე, ამომრჩევლებს 1 914 საარჩევნო უბანი ემსახურებოდა. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 140 210 იყო.